გიორგი ალიბეგაშვილი - 1978 წლის 14 აპრილი იყო დღე, როდესაც სამოქალაქო აზროვნება ჩამოყალიბდა
გიორგი ალიბეგაშვილი - 1978 წლის 14 აპრილი იყო დღე, როდესაც სამოქალაქო აზროვნება ჩამოყალიბდა

ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ალიბეგაშვილის შეფასებით, თანამედროვე საქართველოს თავისუფლებას საფუძველი 1978 წლის 14 აპრილს ჩაეყარა.

გიორგი ალიბეგაშილმა ჟურნალისტებთან საუბარში ყურადღება გაამახვილა დედა ენის კვირეულზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უახლესს ისტორიაში 14 აპრილი ერთ-ერთი გამორჩეული დღეა.

მისი თქმით, ეს ის დღეები იყო, როცა სამოქალაქო აზროვნება ჩამოყალიბდა.

“მინდა, ჩვენს მომავალ თაობას შევახსენო, რომ 70-იან წლებში სპორტის, მწერლობისა და თეატრალური ხელოვნების აღმავლობა განსაკუთრებით იგრძნობოდა და ეროვნული ენერგია ამ მიმართულებით მჟღავნდებოდა, თუმცა 14 აპრილი სულ სხვა რამე იყო. ეს იყო ძალიან დიდი საფრთხისა და განსაცდელის წინაშე დგომა. 1978 წელია და დაახლოებით ერთ წელიწადში საბჭოთა იმპერიამ თავისი ჯარები ავღანეთში შეიყვანა. ანუ, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ მყარ ფეხებზე იდგა და ის საფრთხე რეალური იყო, რომელიც ჩვენი მშობლების თვალწინ გადაიშალა, ჩვენ კი, ნაკლებად ვხდებოდით, რადგან ახალგაზრდები ვიყავით. ბედნიერია ერი, რომელიც ისტორიულ განსაცდელს გაუძლებს და იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მისი მომავლისა და განვითარებისთვის არის აუცილებელი. საქართველოს თავისუფლებას საფუძველი 1978 წლის 14 აპრილს ჩაეყარა”, – დასძინა ალიბეგაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დედა ენის კვირეული გაიხსნა, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიდან 40 წლისთავს ეძღვნება.