პარლამენტში დედა ენის კვირეული გაიხსნა
პარლამენტში დედა ენის კვირეული გაიხსნა

საქართველოს პარლამენტში დედა ენის კვირეული გაიხსნა, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიდან 40 წლისთავს ეძღვნება.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განუცხადა,  სიმბოლურია, რომ ღონისძიებას პარლამენტი ატარებს, რადგან 14 წლის წინ, პარლამენტის შენობის წინ ქართველი ერი დედა ენის დასაცავად გაერთიანდა.

“ვფიქრობ, ეს დღე ჩვენი ეროვნული აზროვნების ჩამოყალიბების პირველი დღეა, რომელმაც საზოგადოება გააერთიანა. ამის შედეგად საქართველო რეგიონში სამაგალითო იყო. მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის უზენაესმა საბჭოებმა გადაწყვეტილება ერთ ღამეში შეცვალეს და ბრეჟნევის უკუღმართი კონსტიტუცია ჩაასწორეს. ენაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა შარვაშიძემ.

დღევანდელ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა უმასპინძლა. კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართული ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და საბჭოთა ხელმძღვანელობას ხელი შეუშალა, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია 1978 წლის 14 აპრილის ქრონოლოგია, საერთაშორისო საზოგადოებასა და პრესაში არსებული გამოხმაურება, ასევე ქართული ანბანის სამი სახეობა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებშიგამოიფინა 1978 წლის მოვლენების ამსახველი საარქივო მასალა, ტარასი არქიმანდრიტის ნახატები, ოთარ ქანდარიას მიერ ქართული ანბანის ასო-ბგერებზე  შექმნილი ორნამენტულ-დეკორატიული ნამუშევრები.