გიორგი აბაშიშვილი - გერმანიის ელჩი წერს, რომ მოლდოვისთვის „მზადდება“ გრანდიოზული თანხა, 1,8 მლრდ ევრო, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ „მილიარდ-მილიონებიდან“ 1 500 000 000 ევრო არის სესხი
გერმანიის ელჩი წერს, რომ მოლდოვისთვის „მზადდება“ გრანდიოზული თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ „მილიარდ-მილიონებიდან“ 1 500 000 000 ევრო არის სესხი, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აბაშიშვილი ეხმაურება საქართველოში გერმანის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომ „1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“.
„მარტივი ახსნა, როგორ მუშაობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული სქემა საქართველოში: გერმანიის ელჩი სოცმედიაში წერს სტატუსს, მის სტატუსს ახალ ამბად აქცევს „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ (EED) მიერ დაფინანსებული „პუბლიკა“. უძღვნის სტატიას, ბანერს…
EED-ი ევროკავშირის და მისი წევრების (მათ შორის გერმანიის) ბიუჯეტიდან ფინანსდება; EED-ის გამგეობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარი, გერმანიის „ქრისტიან-დემოკატიული პარტიის“ წევრი დევიდ მაკალისტერია (აქ ერთი დამთხვევაა კიდევ, რომ მაკალისტერი საქართველოს მოსახლეობის არჩევანის არაღაირების რეზოლუციის მთავარი თანაავტორია);
გერმანიის ელჩი თავის პოსტში თავდაპირველ ამბავში მითითებულ 1,8 მლრდ ევროს გარდაქმნის 1 800 000 000 ევროდ, რაც ან ციფრების სიყვარულით აიხსნება, ან იმის სურვილით, რომ თანხა უფრო გრანდიოზულად წარმოჩინდეს.
ელჩი წერს, რომ ეს გრანდიოზული თანხა მოლდოვისთვის „მზადდება“ (აქ მკითხველის ემოცია პიკს აღწევს); ელჩს მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, ალბათ შემთხვევით, კერძოდ ის, რომ ამ „გამზადებული მილიარდ-მილიონებიდან“ 1 500 000 000 ევრო არის სესხი, ხოლო უანგარო დახმარება სულ 300 მლნ ევროა, ისიც სამ წელზე გადანაწილებული. ანუ წელიწადში სულ რაღაც 100 მლნ ევრო (უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენი ბიუჯეტის შემოსულობები თითქმის 400 მილიონი ევროთი გავზარდეთ).
რეალურად, კვალიფიციურ NGO-ს რომ აფინანსებდეს ვინმე, ასეთი მარტივი პროპაგანდის ამოცნობის ხერხებზე მასალები ყველა მოქალაქეს ექნებოდა წაკითხული და ადვილად მიხვდებოდა მთავარ ნაწილს, მაგრამ როგორც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ძალიან ზუსტად გვამცნო, დეზინფორმაციასთან მებრძოლი „ენჯეოების“ და მედიის დაფინანსების მიზანი სულაც არ ყოფილა დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არამედ პირიქით, მიზანი დამფინანსებლისათვის სასურველი პროპაგანდის წარმოებაა“, – წერს გიორგი აბაშიშვილი.