გიორბელიძე დებიუტით გახარებულია - სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ #1TVSPORT
გიორბელიძე დებიუტით გახარებულია - სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ #1TVSPORT

გურამ გიორბელიძემ ეროვნულ ნაკრებში გამართულ სადებიუტო მატჩზე ილაპარაკა. ვილი სანიოლმა ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მარცხენა მცველი შვედეთთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

„ჯვაროსნების“ წაგების მიუხედავად, 24 წლის დებიუტანტმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შეიძლება ითქვას, სანიოლს იმედები გაუმართლა.

„მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი რომ გაგვმართლებოდა ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს, შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიდგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ“, – ამბობს გურამ გიორბელიძე.