გიგი უგულავა - ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“  ანტირეკორდი მოხსნა და რეიტინგის ზრდის პერსპექტივა არ აქვს
გიგი უგულავა - ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“  ანტირეკორდი მოხსნა და რეიტინგის ზრდის პერსპექტივა არ აქვს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“  ანტირეკორდი მოხსნა და რეიტინგის ზრდის პერსპექტივაც არ აქვს.

„უკიდურესი ბრიყვი უნდა იყო, როდესაც რაღაც არ მოგწონს, სარკეს ამტვრევდე. როდესაც სარკეში ჩაიხედავ და შენი სახე არ მოგეწონება, შენს თავში უნდა იპოვო პრობლემები და არა სარკე ამტვრიო.

ასე მოსდის „ქართულ ოცნებას“ უკვე შვიდი წელია. ისინი ლანძღავენ ხან „ენდიაის“, ხან „აიარაის“ და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მათ მრუდე სახეს ანახებს სარკეში.

კატასტროფაა ეს „ქართული ოცნებისთვის“, ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა ანტირეკორდი. აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ზრდის პერსპექტივა? მე გეტყვით – არა, რადგან რაც ნეგატიურისკენ მიდის, ეს არის ქვეყნის განვითარება, რომელიც, როგორც წესი, ემთხვევა მმართველი პარტიის რეიტინგს.

ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება „ქართულ ოცნებას“, რომ რეიტინგი პოზიტიური ძვრისკენ წაიყვანოს, ეს თითქმის შეუძლებელია იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“, პირადად ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებმა და შიშებმა შეიყვანეს ქვეყანა, ამიტომ „ქართული ოცნება“ განწირულია.

თუ ავიღებთ „ქართულ ოცნებას“ თავისი სატელიტი „პატრიოტთა ალიანსით“ და აქეთ ავიღებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც დღეს ერთობით ვფიქრობთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“,  ციფრებით 34/24-ზეა ოპოზიციის სასარგებლოდ“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, „ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილს რეკორდულად დაბალი რეიტინგი აქვს“. რაც შეეხება კახა კალაძის რეიტინგს, უგულავას აზრით, კალაძეს სხვებთან შედარებით უკეთესი რეიტინგი მისი თანამდებობიდან გამომდინარე აქვს.

„ეს ადამიანი წლების მანძილზე ამაყობდა თავისი ჭარბი ნდობით, მაგრამ ეს ჭარბი ნდობა სიცრუეში, ძალადობაში, ხალხის მოტყუებაში გაფანტა. ობიექტურად, 2013 წელს მას მართლაც ჰქონდა მაღალი ნდობა. რაც დრო გავა, მის მიმართ სიძულვილი გაიზრდება, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი გაასიგრძეგანებს იმ ტყუილის მასშტაბს, რაც მან თავის საზოგადოებას აკადრა. ეს ყველაფერი აისახება „ქართული ოცნების“ რეიტინგზეც, რადგან საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ არის ბიძინა ივანიშვილი.

რაც შეეხება კალაძეს, ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ ის ისეთ თანამდებობაზეა, კონკრეტული ხელშესახები რაღაცების გაკეთება შეუძლია. მაგალითად, მოედანი და ა.შ. ამიტომ მას აქვს სხვა მინისტრებთან შედარებით უკეთესი ფორა, ეს წარსული გამოცდილებიდანაც შემიძლია, გითხრათ.

ეს რეიტინგი უფრო თანამდებობის არის, ვიდრე მისი პირადი. ერთპიროვნულად დღეს, პოლიტიკურ სივრცეში კეთილგანწყობის რეიტინგში ლიდერობს დავით ბაქრაძე, ობიექტურადაც ლიდერობს, ის ოპოზიციაშია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელისუფლებაში ყოფნა გეხმარება მნიშვნელოვან რაღაცებში. ამიტომ, ეს არ იქნება ის, რაც „ქართულ ოცნებას“ გადაარჩენს, მაგრამ საბოლოოდ დაღუპავს კალაძეს, რადგან ეჭვიანი უფროსი ჰყავს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ზოგადად გადაუწყვეტელების რაოდენობა ბუნებრივია. ჯერ საზოგადოება ვერ გაერკვია, რა სისტემით იქნება არჩევნები“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით, ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არც ერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – ექვსი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ორი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ორი პროცენტი, „გირჩი“ – ერთი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – ერთი პროცენტი, „სხვა“ – ერთი პროცენტი.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი,  „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.

ასევე, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, გამოკითხულთა 19 პროცენტი ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 24 პროცენტის აზრით, არ იცვლება.

რაც შეეხება ლიდერთა საქმიანობის რეიტინგს, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში დავით ბაქრაძე და კახა კალაძე ლიდერობენ.