გიგი უგულავა – საარჩევნო ბანერზე ჩემი სახე ამოჭრეს, ახლა მივდივარ, თავი უნდა გავყო და ბავშვების გასართობი გავაკეთო

10:22, 28.04.2018

საარჩევნო ბანერს მიადგნენ და ჩემი სახე ამოჭრეს, ახლა მივდივარ იქ, თავი უნდა გავყო და ბავშვების გასართობი გავაკეთო, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანსა და ხონში მისი საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტს.

„ქართული ოცნება” ებრძოლოს პლაკატებს, ბანერებს ჩვენ ვებრძვით უმუშევრობას, სიღარიბეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ჩამოხეულია მათი კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის პლაკატებიც.

ვანში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას დაზიანებულ ბანერთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გიგი უგულავას ბანერზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. მომხდარის შესახებ დღეს, დილით გახდა ცნობილი.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

მსგავსი