გიგი უგულავა - დღეს, როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ერთიანი სია არარეალიზირებადია, ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური ძალისხმევაა გამარჯვებისთვის
გიგი უგულავა - დღეს, როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ერთიანი სია არარეალიზირებადია, ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური ძალისხმევაა გამარჯვებისთვის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთიანი სიის იდეა მას დაჭერამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა.

გიგი უგულავა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

უგულავას თქმით, აღნიშნული იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზირებადი აღმოჩნდა, სკეპტიკური იყო მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“.

„ერთიანი სიის იდეა მე მქონდა დაჭერამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა სისტემა 73/77 რჩებოდა. ყველა ლიდერი ნაწილდებოდა მაჟორიტარულ ოლქებში, სია პირობითი იყო და დგებოდა ალფავიტის მიხედვით. სიაში ადგილს და პარტიულ კვოტებს აზრი არ ჰქონდა, რადგან ამ ყველაფერს კრავდა და რეალისტურს ხდიდა ის, რომ გამარჯვების შემდეგ რიგგარეშე, უკვე პროპორციული არჩევნები ტარდებოდა. ეს იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზირებადი აღმოჩნდა. სკეპტიკური იყო მათ შორის ენმ-ეც“, – აღნიშნავს უგულავა.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ დღეს, როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ერთიანი სია არარეალიზირებადია.

„დღეს, როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები (120/30), ერთიანი სია არარეალიზირებადია, მეტიც ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური და საკმარისი ძალისხმევაა გამარჯვებისთვის. ხოლო ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია კვლავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, მიუბრუნდეს, თუ 120/30 სისტემა ჩავარდა პარლამენტში. ამასთანავე იმედი მაქვს, მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი“, – წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს.