გიგი უგულავა აცხადებს, რომ აქციაზე მისვლისას ამერიკული პროტოკოლით იმოქმედა, ვახტანგ კალოიანი კი, მის საქციელს უპასუხისმგებლოს უწოდებს
გიგი უგულავა აცხადებს, რომ თავისუფლების მოედნაზე მისვლისას და აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკული პროტოკოლით იმოქმედა.
„ამ თემაზე უკვე დავდე პოსტი განმარტება. შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ, მეტს ვერაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რომ ამერიკის პროტოკოლით, აცრილზე 7-8 დღეა. მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით“, – აღნიშნა გიგი უგულავამ რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას.
ამასთან, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა უპასუხისმგებლო უწოდა გიგი უგულავას გადაწყვეტილებას, ხალხმრავალ აქციაზე მისულიყო. მისივე თქმით, აბსურდია ლაპარაკი იმაზე, რომ გიგი უგულავამ და მისმა ექიმმა აშშ-ის პროტოკოლით იმოქმედეს.
„მან დაარღვია იზოლაციის წესი. ეს ფაქტია. ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო საქციელი. ჩვენთან მოქმედი იზოლაციის წესების თანახმად, მინიმუმ ათი დღე და პლუს კიდევ 48 საათი ადამიანი იზოლაციის წესებს ექვემდებარება. ამ სიტუაციაში, ნამდვილად არ არის არგუმენტი ამერიკული პროტოკოლი“, – განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ კალოიანმა.
გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამის უფლება ექიმებმა მისცეს.