მერაბ გიგაური, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ქუთაისის „ტორპედოდან“ აზერბაიჯანულ „გაბალაში“ გადავიდა, შესაძლოა რუსეთის პრემიერლიგის გუნდში წავიდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა „სპორტ24“-თან ფეხბურთელის მენეჯერმა მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა.
„გიგაურს „გაბალასთან“ ხელშეკრულება 31 მაისს დაუსრულდა და უკვე თავისუფალი აგენტია. მას სურს „გაბალაში“ სეზონის ბოლომდე ითამაშოს. ახლა სხვა კლუბში ვერც გადავა. აზერბაიჯანიდან მხოლოდ 2-3 რეალური ვარიანტი გვაქვს. სერიოზული შეთავაზება აქვს ბელორუსის ლიდერთა სამეულის გუნდიდან. ასევე არსებობს ვარიანტი რუსეთის პრემიერლიგაში“ – ამბობს მიხეილ ხუციშვილი.
მისი თქმით, გიგაურის მიმართ დიდი ინტერესია, რაც კარგად ჩატარებული სეზონის შედეგია.
„მერაბი თითქმის ყველა მატჩს 90 წუთი თამაშობს. წარმატებით ითამაშა საქართველოში და სახელი მოიპოვა. ის აზერბაიჯანში ჩამოვიდა, სადაც მაშინვე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. ამას გარდა, გიგაური არაა ვეტერანი ფეხბურთელი, ჯერ მხოლოდ 27 წლისა. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ნამდვილი პროფესიონალია“ – აცხადებს ხუციშვილი.