„ტორპედოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტრავმირებულია - გიგაურმა 27 წუთი დაზიანებულმა ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

მერაბ გიგაური ტრავმირებულია და სავარაუდოდ, ქუთაისის „ტორპედოს“ აპრილში ბოლომდე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ქუთაისური კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა, 29 წლის ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „სამტრედიასთან“ გიგაურს 55-ე წუთზე მასპინძელთა ლეგიონერმა მეტიუ ოლატუნჯმა ფეხი ჩაარტყა. ამის შემდეგ თითქმის ნახევარი საათი ითამაშა და მოედანი მხოლოდ 82-ე წუთზე დატოვა, რადგან ტკივილებმა ძალიან შეაწუხა.

„მეგონა, სერიოზული არაფერი იქნებოდა და თამაში გავაგრძელე, მაგრამ ტკივილებმა რომ შემაწუხა, მოედნის დატოვება მაინც მომიხდა. ფეხი ძალიან მტკიოდა, დილით კი ვერ ავდექი. ექიმმა მითხრა, რომ იოგები ძალიან დაზიანებულია, მაგრამ გადავრჩი, ფეხი რომ არ მომტყდა და ოპერაციაც არ დამჭირდა. რეაბილიტაციას, ხუთ დღეში დავიწყებ და მოედანზე სავარაუდოდ, თვენახევარში დავბრუნდები“ – გვითხრა ქუთაიოსის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

29 წლის ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო, ასევე უთამაშია პოლონურ და აზერბაიჯანულ კლუბებში, ქუთაისურ კლუბს კი შარშან ზაფხულში დაუბრუნდა.