„ტორპედოს“ კაპიტანი - ამხელა გზა იმისთვის არ გაგვივლია, რომ დავმარცხდეთ #1TVSPORT
„ტორპედოს“ კაპიტანი - ამხელა გზა იმისთვის არ გაგვივლია, რომ დავმარცხდეთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარემ და კაპიტანმა კომენტარი გააკეთეს „სარაევოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩზე, რომელსაც გუნდი გასვლაზე გამართავს.

მერაბ გიგაური, „ტორპედოს“ კაპიტანი: „ჩვენი მეტოქე „სარაევო“ კარგი გუნდია, ჩემი აზრით, შანსები თანაბარია. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით და სამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. „სარაევოსთან“ ქუთაისში გამართული შეხვედრის პირველ 25 წუთში ძალიან გაგვჭირდა, მაგრამ შემდეგ მოვძებნეთ ჩვენს თავში ძალა და მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ – იმ თამაშის მოგება შეგვეძლო. თუ გვჯერა, რომ მოვიგებთ? რა თქმა უნდა. ამხელა გზა იმისთვის არ გაგვივლია, რომ აქ დავმარცხდეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ. ამისთვის ვართ აქ ჩამოსულები“.

ფილიპ კლიაიჩი, „ტორპედოს“ მეკარე: „რა თქმა უნდა, ჩვენ გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს. არ მგონია, მეორე დაპირისპირებაშიც იმდენი მომენტი იყოს, რამდენიც პირველში. „სარაევოზე“ იგივე აზრი დამრჩა, რაც მატჩამდე ვიცოდი. ჩემი მეგობარია ბოსნიის ნაკრებში, მოსტარის „ველეჟის“ თავდამსხმელი ნერმინ ჰასკიჩი, რომელთან ერთადაც ორი წლის წინ იაპონიაში მითამაშია. მისთვის გუნდზე ბევრი არ მიკითხავს, მაგრამ ის ყოველთვის ამბობდა, რომ „სარაევო“ კარგი გუნდია. პირველ თამაშში გამოჩნდა, რომ „სარაევოს“ ნახევარდაცვა და შეტევა ბრწყინვალე იყო, მაგრამ დაცვაში შედარებით პრობლემები ჰქონდა, რაც ჩვენს შემტევებს შანსებს უტოვებს. რატომ წავედი „ტორპედოში“? იქ გადახდისუნარიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ბალკანური კლუბების უმეტესობაში. ამავე დროს, ეს იყო ერთადერთი რეალური შეთავაზება და ამიტომ დავთანხმდი“.

„სარაევოსა“ და „ტორპედოს“ საპასუხო მატჩი დღეს, 22:55 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.