მერაბ გიგაურმა აზერბაიჯანიდან წამოსვლა გადაწყვიტა – ეს საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ ყოფილმა ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„ორშაბათს მოვდივარ, ორკვირიან კარანტინს გავივლი და ახალ კლუბს მოვძებნი. ჩემი წამოსვლა იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის სხვა გუნდშიც აღარ ვითამაშებ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მერაბ გიგაური.
27 წლის ფეხბურთელი „გაბალაში“ გასულ სეზონში ქუთაისის „ტორპედოდან“ დაიმატეს. მას იმდენად შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა, რომ აზერბაიჯანის პრემიერლიგის 11 საუკეთესო ლეგიონერებს შორის დაასახელეს.
ქართველი ნახევარმცველი აზერბაიჯანიდან ახალ გუნდში გადასვლის იმედად არ მოდიოდა.
„საქართველოში რომ წამოვსულიყავი და მერე აზერბაიჯანში ახალ გუნდს კონტრაქტის გაფორმება შემოეთავაზებინა, ერთი თვე კარანტინში ყოფნა მომიწევდა – ორი კვირა საქართველოში დაბრუნების გამო და ერთი ამდენიც – აზერბაიჯანში უკან ჩასვლისას. ამიტომ დავრჩი და ველოდი, რომ კონტრაქტს ერთ-ერთ ლიდერ გუნდთან გავაფორმებდი, რადგან წლის ლეგიონერთა ნაკრებში მოხვედრა ბევრს ნიშნავს. მაგრამ საბოლოოდ, მოლაპარაკებები ჩაიშალა და მეც წამოსვლა გადავწყვიტე“ – აცხადებს გიგაური.