გიგა მაქარაშვილი - პირი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, როგორც ვიცი, უკვე იდენტიფიცირებულია
გიგა მაქარაშვილი - პირი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, როგორც ვიცი, უკვე იდენტიფიცირებულია

პირი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს სიცოცხლის მოსპობით სოციალური ქსელით დაემუქრა, იდენტიფიცირებულია. გიგა მაქარაშვილის გამოკითხვა  დასრულდა და მან პოლიციის განყოფილება  დატოვა.

როგორც დაკითხვის შემდეგ მაქარაშვილმა აღნიშნა, პოლიციამ ძალიან სწრაფად დაიწყო რეაგირება.

„თითქმის ოთხი საათი გამოკითხვაზე ვიყავი. როგორც ვიცი, ეს ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. ამ ადამიანთან მე არასოდეს მქონია შეხება. პირველად წუხელ დაიწყო მოწერა და დილით ვნახე ეს შეტყობინება, სადაც დეტალურად აღწერდა, როგორ მომკლავს. ძალიან მძიმე წასაკითხია ეს დეტალები. მას შემდეგ, რაც უკვე მივეჩვიეთ, რომ ცოტა აქტიურ ადამიანებს ბოტები გვიტევენ და გინებებზე რეაქცია აღარ გვაქვს, დაიწყეს უკვე ეს მუქარები. შესაბამისად, გადავწყვიტე პოლიციაში მოსვლა. მე ვიცი, ვერაფერს დამიშავებს, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, ძალიან დიდი ზიანი მიადგეთ ამ მუქარით. მსგავსი ადამიანები ბევრ წესიერ მოქალაქეს უქმნიან ფსიქოლოგიურ საფრთხეს“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მის მიმართ მუქარის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი