გიგა გვენცაძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT
გიგა გვენცაძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT

გიგა გვენცაძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ახალი პრეზიდენტია – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორი ორგანიზაციას 4 წელი უხელმძღვანელებს.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია „დინამო არენაზე“ გაიმართა და 101 დელეგატი მონაწილეობდა. ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთი იყო.

გვენცაძემ დელეგატების აბსოლუტური უმრავლესობის ხმა მიიღო და შეცვალა მიხეილ აბაიშვილი, რომელიც ორგანიზაციას 8 წელი ხელმძღვანელობდა და რომლის დროსაც ორგანიზაციის ბიუჯეტი 100 ათასიდან მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ასევე აირჩიეს სამი ვიცე-პრეზიდენტი, მათ შორის – აბაიშვილი, ასევე ბიძინა ბარათაშვილი და თენგიზ პაჭკორია, ხოლო გენერალურ მდივნად – ზურაბ თალაკვაძე. ამავე დროს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წესდების ახალი რედაქცია დაამტკიცეს.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

„საერთოდ, კონკურენცია ყველგან ჯობია, მაგრამ ისე მოხდა, რომ პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი ვარ. თუმცა ამას ის პლუსი აქვს, რომ ყველამ გავიმარჯვეთ, დამარცხებული კი არავინაა“, – ამბობს გიგა გვენცაძე.