გიგა ფარულავა - შეცდომა იყო, რა ფორმითაც მოხდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დამტკიცება, სახელს შევუცვლიდით და სამაჩაბლოს დავარქმევდით
შეცდომა იყო, რა ფორმითაც მოხდა ადმინისტრაციის დამტკიცება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია ამ ადმინისტრაციას სახელს შეუცვლიდა და სამაჩაბლოს დაარქმევდა.
„თავის დროზე შეცდომა იყო, რა ფორმითაც მოხდა ადმინისტრაციის დამტკიცება, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, კონკრეტულ რისკებს ვაფასებთ და ამაზე ვმსჯელობთ. ამ შემთხვევაში, ამ ადმინისტრაციას სახელს შევუცვლიდით და სამაჩაბლოს დავარქმევდით. ამას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს, თუნდაც ჩორჩანის ტერიტორიაზე. საზოგადოებამ ნახა, რომ რამდენიმე დღის წინ მათ ქართულ მხარეს პრეტენზიით მიმართეს და ჩორჩანის საგუშაგოს მოხსნასაც ითხოვენ. რისკებს ვხედავთ იმ პოლიტიკურ მოცემულობაში, რაშიც დღეს ვართ. რისკები მომდინარეა საოკუპაციო რეჟიმიდან, ასევე დე ფაქტო ცხინვალის პრეტენზიების მიმართულებით“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.