გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს
გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, დეპუტატებმა, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს.

სისტემიდან გასვლის შესახებ მათ დღეს სააგენტოში განცხადება დაწერეს.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ის მთავრობას საკუთარ ფულს ვერ ანდობს.

„მე ვერ ვანდობ ჩემ ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფლანგველ მთავრობას, როგორიც არის „ქართული ოცნების“ მთავარობა, მაგრამ იდეალური მთავრობაც რომ იყოს, თვითონ ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ მოდელი იყოს გაზიარებული.

„მნიშვნელოვანია „ევროპული საქართველოს“ მოდელი იქნას გაზიარებული, რაც გულისხმობს საპენსიო დანაზოგებზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილის გადმოსვლას, რომელიც დღეს მთავრობას ბიუჯეტში მიაქვს. გადმოვიდეს საპენსიო განაზოგებზე იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ნებაყოფლობით ჩაერთვება. მე დღეს „ქართული ოცნების“ შემოღებული ხაფანგიდან გამოვედი, მაგრამ სამწუხაროდ, 40 წელს ქვემოთ მყოფ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ ამ ხაფანგიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება თარიღი, როდესაც კომპანიის/ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა.