გიგა ბოკერია - წულუკიანს ურჩევნია, გონს მოეგოს
გიგა ბოკერია - წულუკიანს ურჩევნია, გონს მოეგოს

დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად, გონს მოეგება ყველა მისი კლოუნი, წულუკიანის ჩათვლით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარისას აღნიშნა.

თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გიგა ბოკერია საარჩევნო მოდელთან დაკავშირებულ შეხვედრაზე თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თუ არ დათანხმდებით ჩვენს მოდელს, ქვა ქვაზე არ დარჩებაო.

ბოკერიას თქმით, „წულუკიანს ურჩევნია, გონს მოეგოს“.

„საჯაროდ ვიმეორებ უკვე, თვეებია მეც და მთლიანად ოპოზიციაც, საზოგადოების გზავნილიც არის – დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად, გონს მოეგება ყველა მისი კლოუნი, წულუკიანის ჩათვლით. დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოებასთან დაპირისპირებას და თავის პოლიტიკურ დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყდეს ძალადობა და რეპრესიები.

ესაა საჯარო გზავნილი. რა დახურული შეხვედრა? ეგ ალბათ გულისხმობს დიპლომატებთან მოლაპარაკებებს, „საიდუმლოდ“ რომ დავემუქრე მას ევროკავშირის, აშშ-ისა და გერმანიის ელჩის თანდასწრებით. თურმე ნერვიულობს და უნდა ინერვიულოს კიდეც. ნერვიულობას ურჩევნია, გონს მოეგოს და არა ეს ბრიყვული განცხადებები აკეთოს.

მათ უბიძგეს საზოგადოებას აღშფოთებისკენ, ზიანი მიაყენეს და დაგვაყენეს არანორმალური სცენარს, სადაც დამარცხდებიან ძალიან მწარედ. ჩვენ გვსურს, რომ დავამარცხოთ ნორმალურ ან შედარებით ნორმალურ სცენარში. ეს არის ჩვენი გზავნილი საჯაროც, „დახურულიც“, დიპლომატების თაანდასწრებითაც და ისედაც. ამას თუ მუქარად თვლიან, ამ ჩემს პროგნოზს, იყოს მუქარა. ეს არჩევანი მათ გააკეთეს, როცა საზოგადოებას უთხრეს ფეხებზე გვკიდია დაღვრილი სისხლიც და ახლა გადაგაგდებთ და ძალადობას მივმართავთო, ამან დააყენა რისკის ქვეშ ქვეყანა“,- განაცხადა ბოკერიამ.