თეა წულუკიანი - გიგა ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ არ დათანხმდებით ჩვენ მოდელს, ქვა ქვაზე არ დარჩებაო
თეა წულუკიანი - გიგა ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ არ დათანხმდებით ჩვენ მოდელს, ქვა ქვაზე არ დარჩებაო

ოპოზიციამ თავის დროზე აჩვენა საკუთარი უცოდინრობა, ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გაეგზავნა პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად, რაც სამარცხვინოა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს გიგა ბოკერიას თავად ეუბნეოდა, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ პროექტის კონსტიტუციურობას, თუმცა ამაზე „ბოკერიამ წამოიწყო ცუდუბრალო ქირქილი“.

„ადავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი, რაც იყო ჩემ მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან ნათქვამი. როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს, მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ პროექტის კონსტიტუციურობას, რაზეც მან წამოიწყო ცუდუბრალო ქირქილი. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობას. ეს სამარცხვინოა, სამარცხვინოა იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა. ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად. ძალიან სამარცხვინოა, ოდირს მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, რომელი მოდელია შესაბამისი ჩვენი დემოკრატიული განვითარების მიზნებისათვის“ ,- განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.