გიგა ბოკერია - თალაკვაძე, კობახიძე და ეს გუნდი იმსახურებენ, ცალკე გრძელვადიანი მოლაპარაკებები ჰქონდეთ ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან
გიგა ბოკერია - თალაკვაძე, კობახიძე და ეს გუნდი იმსახურებენ, ცალკე გრძელვადიანი მოლაპარაკებები ჰქონდეთ ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან

ვთვლი, რომ თალაკვაძე, კობახიძე და ეს გუნდი იმსახურებენ, ცალკე გრძელვადიანი მოლაპარაკებები ჰქონდეთ ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

20 ივნისის მოვლენების ამნისტიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კი ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ნებისმიერი გამოსავლის მომხრე იყო, რაც შედეგს მოიტანდა.

„ჩვენ ნებისმიერი გამოსავლის მომხრე ვიყავით, რომელიც შედეგს მოიტანდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების, კრიზისის განმუხტვის და ვადამდელი არჩევნების მიმართულებით, ოღონდ გონივრულობის და ქვეყნის ინტერესების ფარგლებში. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს აკრძალული ჰქონდათ იმაზე ფიქრი, როგორი შეიძლება იყოს რაიმე სახის კომპრომისი“, – განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ დალაპარაკებას აპირებს. 20 ივნისის მოვლენების ამნისტიასთან დაკავშირებით კი მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ეს საკითხიც წამოიჭრა, თუმცა არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას ამ იდეისთვის მხარი არ დაუჭერიათ.