ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაპირებთ, წავიდეთ და „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად დაველაპარაკოთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაპირებთ, წავიდეთ და „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად დაველაპარაკოთ

ვაპირებთ, რისიც გვჯერა, ის გავაკეთოთ, წავიდეთ და „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად დაველაპარაკოთ, რადგან ხელოვნური კრიზისის შექმნის მონაწილე გვგონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არავითარი ახალი ფორმატი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ლაპარაკი იქნება.

„არანაირი ახალი ფორმატი არ არის, ჩვეულებრივი ლაპარაკია, რომელიც ამ ქვეყნის პოლიტიკაში ღალატად და დანაშაულად ითვლება. როდესაც ამ პროფესიაში საქმიანობა დავიწყეთ, ამ პროფესიის ათვისება, სწავლა, მეგონა, რომ ეს არის საჯარო პროფესია. საჯაროდ ლაპარაკობ იმას, რასაც ფიქრობ. ასე გვეგონა, თურმე არ „მოსულა“. ვაპირებთ, რომ რისიც გვჯერა, ის გავაკეთოთ, წავიდეთ და „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად დაველაპარაკოთ, რადგან ხელოვნური კრიზისის შექმნის მონაწილე გვგონია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „რა იქნება თქვენი დისკუსიის საგანი, რომელიც შესაძლოა, შეთანხმების თემაც გახდეს და „მოქალაქეების“ მსგავსად, შეგიყვანოთ პარლამენტში, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და საუბრისგან თავს შეიკავებს.

„ჩვენ კვირის ბოლო დღეები, შაბათი და კვირა გვინდა, დავხარჯოთ ჩვენი სამეფოს მეგობრებთან ურთიერთობაში, რათა ჩამოვაყალიბოთ რაღაც პოზიცია, სტრატეგია, რომლითაც შემდეგ შეთანხმებულად ვიმოქმედებთ. მოვლენებს არ გავუსწრებ და ორშაბათამდე დავიტოვებ. მთავარია, პოზიცია გქონდეს ისეთი, სადაც გრძნობ, რომ მართალი ხარ. ამას რომ ჩამოვაყალიბებთ, შემდეგ რეფორმებზეც ვისაუბრებთ და ყველაფერზე. ყველაფერს გარკვეული ეტაპის გავლა სჭირდება. ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ, არ უნდა გვეშინოდეს, უსაფრთხოების ზომებია მისაღები, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.