გიგა ბოკერია - ჩვენი დღის წესრიგი უნდა იყოს ის, რაც არის ქვეყნის ინტერესებში და არა ვითარება, სადაც ინიცირებულია წუხილების გამომხატველი პროექტი
გიგა ბოკერია - ჩვენი დღის წესრიგი უნდა იყოს ის, რაც არის ქვეყნის ინტერესებში და არა ვითარება, სადაც ინიცირებულია წუხილების გამომხატველი პროექტი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკურ წრეებში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვის ნაცვლად, დისკუსიის საგანია, საქართველოს მმართველი ოლიგარქი რამხელა საფრთხეს უქმნის ხალხისა და პარტნიორების ინტერესებს.

გიგა ბოკერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტსა და მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„უაღრესად დამთრგუნველი და ერთდროულად კომიკური იყო ივანიშვილის გუნდის წევრის, საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარები ტექნიკურ მხარეზე, რომ ასე კი არ არის ინიცირებული, ისეა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანი არის არა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ნატო-ში გაწევრიანება, არამედ ის, რომ  ქვეყნის მმართველი ოლიგარქი რამხელა საფრთხეს უქმნის ჩვენი ხალხის ინტერესებსა და სტარტეგიული პარტიორების ინტერესებს, რა ზომებს უნდა მიმართონ, სად უნდა ჩამოაჭრან ან არ უნდა ჩამოაჭრან თანხებს.

ეს არის უკვე უმძიმესი შედეგი, რაც დააყენა ივანიშვილის პოლიტიკამ და მისი მშვიდობიანი მარცხის შემდეგ ამ ზარალის სწრაფად ამოქაჩვა დაგვჭირდება. ის, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ეგ არაფერს შველის. ჩვენი დღის წესრიგი უნდა იყოს ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჩვენი მოქალაქეების ლობირება შეერთებულ შტატებში და არა ვითარება, სადაც ინიცირებულია ამ ტიპის წუხილების გამომხატველი პროექტი და საქართველოსთვის საკვანძო ადამიანებს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტს კონგრესში აქვთ ამ ტიპის პოზიცია, ეს არის უკვე კატასტროფა“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შესაძლოა, აშშ-ის მიერ გამოყოფილი 132 მილიონ დოლარამდე თანხიდან, ნაწილის ათვისება შეეზღუდოს.

„იყო მცდელობა, რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა და არის რეპორტში ის დებულებები, რაზეცაა საუბარი. ამიტომ, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რაც სხვადასხვა მედიაში გავრცელდა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტის ანგარიში, რომელშიც  საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.