დავით ზალკალიანის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შესაძლოა, აშშ-ის მიერ გამოყოფილი 132 მილიონ დოლარამდე თანხიდან, ნაწილის ათვისება შეეზღუდოს
დავით ზალკალიანის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შესაძლოა, აშშ-ის მიერ გამოყოფილი 132 მილიონ დოლარამდე თანხიდან, ნაწილის ათვისება შეეზღუდოს

არასწორი ინფორმაციაა, ტყუილია, თითქოს საქართველოს შესაძლოა, აშშ-ის მიერ გამოყოფილი 132 მილიონ დოლარამდე თანხიდან, ნაწილის ათვისება შეეზღუდოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან, მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა კანონპროქტებში მოხვდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკასთან.

მინისტრის განმარტებით, ოპონენტები კი ცდილობენ, პროექტში ლობისტური საქმიანობის შედეგად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები შევიდეს.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია – ტყუილი. კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორი დღის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს. კარგად წაიკითხეთ. იყო მცდელობა, რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა და არის რეპორტში ის დებულებები, რაზეც არის საუბარი. ამიტომ, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რაც სხვადასხვა მედიაში გავრცელდა“, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ „ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მხარდამჭერი დეფინიციები მოხვდეს კანონპროექტში, ისე როგორც იყო ბოლო წლების განმავლობაში“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტის ანგარიში, რომელშიც  საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.