გიგა ბოკერია - შალვა შავგულიძე იყო მართალი და ჩვენ ვიყავით მტყუანი
გიგა ბოკერია - შალვა შავგულიძე იყო მართალი და ჩვენ ვიყავით მტყუანი

ქვეყნისთვის საკვანძო საკითხია, რაც მთაწმინდაზე, შუალედური არჩევნების მეორე ტურში მოხდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტურში არჩევნებზე მშვიდობიანი წარმატების მაგალითი უნდა შეიქმნას.

„მნიშვნელოვანია, შალვა შავგულიძის ფიგურის გარშემო გაერთიანება ყველა სამოქალაქო და პროდასავლური პოზიციის მქონე მოქალაქის. არჩევნებზე მშვიდობიანი წარმატების მაგალითი უნდა შევქმნათ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებისთვის, ვინც მხარს შავგულიძეს უჭერს, არამედ ზოგადად, დემოკრატიის მომავლისთვის ჩვენს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ უნდა მივცეთ, არჩევნებზე უიმედობა შვას. შალვა შავგულიძე პერსონალურად მაგალითია იმისა, პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორი პოლიტიკოსები გვინდა. ლადო კახაძე და ივანიშვილის გუნდი მაგალითია იმის, რასაც მშვიდობიანად უნდა დავემშვიდობოთ. ყველა სამოქალაქო და პროდასავლური პოზიციის მქონე მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა ბოკერიამ.

დეპუტატის თქმით, ისურვებდა, პარტიებმა მკაფიო პოზიცია დაიჭირონ, მაგრამ ბოკერია ამბობს, რომ მთავარი მოქალაქეები და ამომრჩევლები არიან.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობისთვის ღიაა და კომუნიკაცია აქვს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს, ბოკერიას თქმით, კობახიძის განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა უჭირს.

„რა გამდიდრებაზე საუბრობს, კახაძე მაგალითია უპრინციპობის, როგორც პოლიტიკოსი. ყველა პარტია მოიარა, პარტიებს იცვლიდა არა შეხედულებებით, არამედ ვინც ძალაუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდა. ამ კაცს არც პოლიტიკური შეხედულებები აქვს და არც უნარები. „ქართული ოცნების“ რიგებში კიდევ ერთი მარიონეტი არაფერს შეცვლის. შავგულიძე არის პრინციპული და ეს პრინციპულობა ყოველთვის დაამტკიცა, როცა ჩვენი ხელისუფლების ოპონენტი, ადვოკატი და გაჭირვების დროს ქვეყნის ჯარისკაცი იყო. პრინციპული და კომპეტენტური ადამიანია“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, რომ არ შეიძლება, ერთად დადგნენ გუნდები, რომლებიც წარსულში სხვადასხვა პოზიციაზე იყვნენ.

„ივანიშვილს სურს, დღის წესრიგი იყოს – არ ვარგივართ, ფულსაც ვიპარავთ, ვფლანგავთ, მავნებლებიც ვართ, მაგრამ მეორე მხარეს „ნაცები“ არიან და გაბრაზებულები არიან, მოვლენ, საშინელება მოხდება და სჯობს, ყველაფერი ცუდად იყოს. რთულია, შალვა შავგულიძისგან საფრთხე შექმნა. ამიტომ დაიწყეს მასზე ტალახის სროლა მოკავშირეების სახელით. ეს შალვა შავგულიძის შემთხვევაში რთულია, ამას დავუპირისპირდებით. იმ შემთხვევაში, შალვა შავგულიძე იყო მართალი და ჩვენ მტყუანი ვიყავით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თბილისში, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

დატოვე კომენტარი