გიგა ბოკერია - სარჩელი საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ თავის დროზე ძალიან ზუსტადაა შედგენილი
გიგა ბოკერია - სარჩელი საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ თავის დროზე ძალიან ზუსტადაა შედგენილი

ჩემი აზრით, საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება დადგეს, რუსეთის მხრიდან კონვენციის დარღვევა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში იხილება.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფოს სარჩელი თავის დროზე ძალიან ზუსტად არი შედგენილი.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო არ ჩავარდეს. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ისე მიუდგებიან, როგორც ეს მათ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ევალებათ. ხვალ სტრასბურგის სასამართლოს უმაღლეს პალატაში ბოლო საჯარო განხილვა იქნება. შემდეგ შეიძლება დიდი დრო გავიდეს, ვიდრე მოსამართლეები გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ეს მათზეა დამოკიდებული. სარჩელი თავის დროზე ძალიან ზუსტადაა შედგენილი. ჩემი აზრით, საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება დადგეს, რუსეთის მხრიდან კონვენციის დარღვევა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საქართველოს თავის ტერიტორიაზე არც ერთი საერთაშორისო ვალდებულება არ დაურღვევია.

„საქმე თუ სწორად წარიმართა, ისევე როგორც წინა საქმეში, რაც რუსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების გამოძევებას, როგორც პოლიტიკურ კამპანიას ეხებოდა, აქაც ერთადერთი შედეგი უნდა დადგეს, რუსეთის მიერ მისი ვალდებულებების დარღვევა. ეს წნეხის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. აუცილებელია, რომ წნეხი რუსეთზე ყველა მიმართულებით გაგრძელდეს, რათა რუსეთის მხრიდან უფრო მეტი აგრესიული ნაბიჯი თავიდან ავიცილოთ. ეს გრძელვადიანი დაპირისპირების ნაწილია, რომელიც საბოლოო ჯამში თუ სწორად, ნებისყოფით ვიარეთ და პოლიტიკური რწმენით ვიმოქმედეთ, საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს. საქართველო რუსეთს უჩივის, რომ მან ევროსაბჭოს წინაშე მისი საერთაშორისო ვალდებულებები დაარღვია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის ბოლო ღია განხილვა 23 მაისს გაიმართება.