გიგა ბოკერია - საპარლამენტო უმრავლესობა კეთილს ინებებს და სხდომათა დარბაზში უსიამოვნო შეფასებების მოსმენას შეეგუება
გიგა ბოკერია - საპარლამენტო უმრავლესობა კეთილს ინებებს და სხდომათა დარბაზში უსიამოვნო შეფასებების მოსმენას შეეგუება

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ცენზურის დაწესება არ მოხდება, ისინი კეთილს ინებებენ და სხდომათა დარბაზში უსიამოვნო შეფასებების მოსმენას შეეგუებიან – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერია პარლამენტში დღეს  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიასა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მათთვის მიუღებელი გამოსვლების ატანა არ შეუძლიათ და საპარლამენტო ცხოვრებისთვის შეუფერებლად იქცევიან.

„ქუჩურ გარჩევებს აწყობენ. ბევრნი არიან და მიაჩნიათ, რომ ეს მათი ძალაა. ამით ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე ჩანს. ეს ცუდია პარლამენტარიზმისთვის, დემოკრატიისა და პოლიტიკის აღქმისთვის, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა. დარბაზში მოუწევთ, იმ აზრების მოსმენა, რაც მათთვის უსიამოვნოა. ზოგჯერ ემოციური ფონით, რადგან პოლიტიკური ლიდერები გამოხატვის სხვადასხვა ფორმით გამოირჩევიან. დემოკრატია იმის ატანაა, რაც არ მოგწონს”, – აცხადებს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, ნიკა მელია როგორი პოლიტიკოსი და დეპუტატია, ეს ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს და არა საპარლამენტო უმრავლესობამ.

„როცა შინაარსი არ მოგწონს და ფიზიკურ გაქაჩვას იწყებ და კრიმინალური ინსტიქტების დემონსტრირებას ახდენ, ეს არის დემოკრატიასთან შეუფერებელი საქციელი. ამომრჩეველს აცადონ შეფასება, მელია კარგად გამოვიდა თუ ცუდად და როგორი მანერები აქვს”, – დასძინა ბოკერიამ.

საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.