გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილს ლაპარაკი თუ არ შეუძლია, წავიდეს
გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილს ლაპარაკი თუ არ შეუძლია, წავიდეს

კატასტროფული ბუკეტია ის, რაც მოვისმინეთ ზურაბიშვილის მხრიდან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯარზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს ლაპარაკი თუ არ შეუძლია, უნდა წავიდეს.

„მთავარი გზავნილი იყო ზურაბიშვილის მჭახედ ნათქვამი, რაც ივანიშვილისგან და მისი გუნდის სხვადასხვა წევრებისგან ხშირად მოგვისმენია. მათი აზრით, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ გვქონდეს სახელმწიფო. ჩვენ თურმე უნდა ვიცეკვოთ, ვითამაშოთ, ოღონდ ქვეყნის მართვა, რაზეც იყო ლაპარაკი ილიას „მგზავრის წერილებში“, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“, ეს თურმე ჩვენ არ შეგვიძლია. არც ჯარი არ შეიძლება გვყავდეს თურმე და არ გვყავს, არც ეკონომიკის წინსვლის შანსი არა გვაქვს. ესე თქვა მან, მაგრამ უნდა მივბაძოთ ავტორიტარულ სახელმწიფოებს ინტერნეტის კონტროლში და უნდა აღვშფოთდეთ, როდესაც თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლები, საქართველოს მეგობრები გვაკრიტიკებენ პუტინის რეჟიმის მსგავსად. კატასტროფული ბუკეტია ის, რაც მოვისმინეთ ზურაბიშვილისგან. დროზე ბოდიში მოიხადოს და თუ ამ წნეხს ვერ უძლებს, რომელიც მერე შეხვდება ხოლმე როცა ასეთ სამარცხვინო რაღაცებს იტყვის, მაშინ გადადგეს და წავიდეს პენსიაზე. წავიდეს, თუ არ შეუძლია ლაპარაკი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. „ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი