გიგა ბოკერია - სახალხო დამცველის წინააღმდეგ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებენ
გიგა ბოკერია - სახალხო დამცველის წინააღმდეგ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებენ

სახალხო დამცველმა გააკრიტიკა ხელისუფლება, რაც ნორმალურია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პერსონა ან ინსტიტუტი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს უქმნის, პოლიტიკური შურისძიების და უკანონო მეთოდებით დევნის ობიექტი ხდება.

„სახალხო დამცველმა მოიტანა ძალიან საგანგაშო მოხსენება, გააკრიტიკა ხელისუფლება და ეს ნორმალურია, წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა ასე, მაგრამ რეაქციაა ტექსტი, როცა ასე უკანონოდ, სახიფათოდ ასეთ რამეს აკეთებ, ასაჯაროვებ ვისთან ჰქონდა კონტაქტი სახალხო დამცველს და ამით პოტენციურად საფრთხის ქვეშ აყენებ პატიმრებს. ამაზე უფრო მეტი უკანონობა და უსინდისობა არ არსებობს“, – განაცხადა ბოკერიამ.

დეპუტატის შეფასებით, სახალხო დამცველის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანია მიმდინარეობს.

„პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის თავის მოვალეობას ასრულებს. სახალხო დამცველის გადასაწყვეტია, ვის მოინახულებს და როდის, როგორც კი ხელისუფლება კანონის დარღვევით მის წინააღმდეგ იწყებს კამპანიას, ეს არის ხელისუფლების სახე და არა სახალხო დამცველის სახე“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა კანონი დაარღვია.

„ეს ისახება საკომიტეტო მოსმენაზე იმაში, რომ მათ გაასაჯაროვეს სახალხო დამცველის წარმომადგენლის კომუნიკაცია პატიმართან, რითაც შექმნეს შანსი, რომ პატიმრის იდენტიფიცირებაც მოხდეს. უკანონოა მიყურადება სახალხო დამცველზე, როცა ის თავის მოვალეობას ასრულებს. მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვის შეხვდა, მნიშვნელობა აქვს მთავრობის დამოკიდებულებას ამის მიმართ, რომ ყველას, ვინც მათ გააკრიტიკებს, ლეგიტიმურად ან მათი აზრით არასწორდ, ისინი მიიჩნევენ სამიზნედ და მერე უკვე თამაშის წესები აღარ არსებობს, კანონის უზენაესობა მათთვის არ არსებობს, ყველა ხდება სამიზნე. ქვეყანაში ეს უნდა შეიცვალოს. ამის შეცვლას სჭირდება ივანიშვილის ჩამოცილება, მერე კი, ამ თამაშის წესების გამოცვლა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ეს ჩაიდინა უშუალოდ და არსებობს ყველა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოხდა წულუკიანის პირდაპირი მითითებით. არა მარტო პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებას ეს გზა სანქციებამდე მიიყვანს და საჭიროა, სასწრაფოდ გონს მოეგონ.

ნინო ლომჯარია გუშინ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი, შეხვედრაზე უარი განაცხადა.