გიგა ბოკერია - საჭიროა ხელისუფლების მშვიდობიანად ორჯერ შეცვლა, რათა ვთქვათ, რომ ეს არის წესი და არა გამონაკლისი
გიგა ბოკერია - საჭიროა ხელისუფლების მშვიდობიანად ორჯერ შეცვლა, რათა ვთქვათ, რომ ეს არის წესი და არა გამონაკლისი

ნებისმიერი არჩევნები ყოველთვის ტესტია, ვიზიარებ ამ მოსაზრებას, აღნიშნულს ჩვენი დიდი ხნის მეგობრის თქმა არც სჭირდება ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებაზე,  რომლის მიხედვითაც „აშშ საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა და ამ კუთხით მოვლენების განვითარების მიმართ. ასევე ინტერესი არსებობს ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორც მოკავშირეებისგან. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთგვარი ტესტი საქართველოსთვის, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს, დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დარჩეს“.

ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია, დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეიცვალოს.

,,ნებისმიერი არჩევნები ყოველთვის ტესტია. ვიზიარებ ამ მოსაზრებას და ამას ჩვენი დიდი ხნის მეგობრის თქმაც არ სჭირდება. ჩვენ საზოგადოებასაც ესმის ეს. ერთხელ ჩვენ გვქონდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა არჩევნების გზით, რაც არის აუცილებელი, რაღაც მომენტში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ მანდატი ჰქონდა ამ ხელისუფლებას, მათ ვერ გაამართლეს.  მოსყიდვით, ძალადობით, მათ შორის ჩვენ მიერ, ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად, ერთხელ გაუვიდათ ძალაუფლების შენარჩუნება 2016 წელს და ახლა ეროვნული ამოცანაა, რომ მშვიდობიანად დავასრულოთ ეს ხელისუფლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მიმართულებით ვართ უფსკრულის პირას. მშვიდობიანად ხელისუფლების ორჯერ შეცვლა არის საჭირო, რათა ვთქვათ, რომ ეს არის წესი და არა – გამონაკლისი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი