დევიდ კრამერი - აშშ საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ
დევიდ კრამერი - აშშ საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ

საქართველო ნამდვილად თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რადგან საქართველო ამ რეგიონში დემოკრატიის კუნძული გახლავთ, – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა სასტუმრო „თბილისი რუმსში“ , სადაც სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი (CDDRL), ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, „ღამის დებატებს“ მართავს.

დებატების მიმდინარეობისას ამერიკის პოლიტიკაში საქართველოს ადგილზე, ასევე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.

„საქართველო ყურადღების საგნად რჩება მთლიანად კონგრესისთვის და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არ შეიცვლება. მალე საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი ჩამოვა,  რომელიც განაგრძობს და მხარს დაუჭერს ელიზაბეთ რუდის წინა საქმიანობას, რომელიც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, ამერიკის ჩართულობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში ნამდვილად იზრდება, ანუ საქართველოს მიმართ ამერიკის ყურადღება იზრდება“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

რაც შეეხება მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ამბობს, რომ აშშ ამ არჩევნების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.

„ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა და ამ კუთხით მოვლენების განვითარების მიმართ. ასევე ინტერესი არსებობს ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორც მოკავშირეებისგან. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთგვარი ტესტი საქართველოსთვის, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს, დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დარჩეს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებს დიდი ყურადღება დაეთმობა. ასევე ბევრი დამკვირვებელი იქნება და დიდ ყურადღებას მივაქცევთ არჩევნებს, უშუალოდ კენჭისყრის დღესაც და საარჩევნო კამპანიასაც, რომელში მონაწილეობის უფლება ყველა მხარეს აქვს“, – განაცხადა დევიდ კრამერმა „ღამის დებატებზე“.