გიგა ბოკერია - ქვეყანას სჭირდება კომპრომისი, შეთანხმება და კრიზისიდან გამოსვლის დაწყება, რასაც ვერ მოიტანს ნებისმიერ რამეზე შეთანხმება
გიგა ბოკერია - ქვეყანას სჭირდება კომპრომისი, შეთანხმება და კრიზისიდან გამოსვლის დაწყება, რასაც ვერ მოიტანს ნებისმიერ რამეზე შეთანხმება

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლა დაიწყება არა ნებისმიერ რამეზე შეთანხმებით, არამედ მხოლოდ იმ შეთანხმებით, რომლის კომპონენტებიც საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში აღწერეს და რომელიც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტს ეყრდნობა.

„ჩვენ გვაქვს მოქნილი, მაგრამ პრინციპული პოზიცია. მოქნილი იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება კომპრომისი, შეთანხმება და ამ კრიზისიდან გამოსვლის დაწყება. პრინციპული იმიტომ, რომ ამას ვერ მოიტანს ნებისმიერ რამეზე შეთანხმება, ამას მოიტანს მხოლოდ ის შეთანხმება, რომლის კომპონენტებიც ჩვენ აღვწერეთ იმ წერილში, რომელიც საჯაროდ გამოვაქვეყნეთ და რომელიც ეყრდნობა პრეზიდენტ მიშელის მიერ შეჯერებულ დოკუმენტს. იქ მკაფიოდ არის ყველაფერზე საუბარი“, – განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება კითხვას, „თუ არ იქნება ვადამდელი არჩევნები და არ მოხდება პატიმრების გათავისუფლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თქვენი მხრიდან ხელმოწერა არ იქნება?“, – ბოკერია პასუხობს, რომ ყველა პუნქტი, რომელიც მოიყვანა პრეზიდენტმა მიშელმა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები საკვანძო საკითხია.

„სწორედ ამიტომ მკაფიოდ გვიწერია წერილში ამ პუნქტებზეც ის, რისი ციტირებაც მოკლედ თქვენ მოახდინეთ. ბუნებრივია, ეს კრიზისი შეიქმნა ბევრი ფაქტორის გამო, მთელი ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიტაცების გამო. ამ ყველაფრის ბოლო ფაზა გავრილოვის ღამის შემდეგ იყო რეპრესიები და შემდეგ უკვე ამ რეპრესიების და სხვა მანიპულაციების მეშვეობით მიიტაცა და შეინარჩუნა მან ძალაუფლება. ჩვენ წერილში ჩამოთვლილი გვაქვს გამოყენებული ყველა უკანონო მეთოდი. აქედან გამომდინარე, ყველა ის პუნქტი, რომელიც მოიყვანა პრეზიდენტმა მიშელმა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენიმე პუნქტია, რომელიც არის საკვანძო ახლავე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პროცესის გასახსნელად, ასეთი არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები. ჩვენი პოზიცია ეყრდნობა იმას, რაც გითხარით. ეს ყველაფერი წარმომიდგენია, როდესაც გონს მოვა ივანიშვილის რეჟიმი და მიხვდებიან, რომ ამ ვითარებას ვერ ინარჩუნებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, „უშვებთ თუ არა, რომ ოპოზიციის ნაწილი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ნაწილი კი – არა“, ბოკერია აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, ასე არ მოხდება.

„არ ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ არა, სწორედ იმიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ის წერილი საჯარო ყოფილიყო, ყველა საფუძვლიანი და ზოგჯერ უსაფუძვლო პრეტენზიის გამო, რომელიც ისმოდა. სწორედ ამის გამო დავწერეთ წერილი, სადაც წერია ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის არის პრინციპული და რა ფორმით არის პრინციპული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კიდევ ერთ კითხვაზე, „სენატორების განცხადებით, ვითარებას განმუხტავდა პატიმრების გამოშვება და ხელისუფლებას ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა, თუმცა პასუხისმგებლობა ეკისრება მეორე მხარესაც, როგორია თქვენი შეფასება“, – ბოკერია პასუხობს, რომ ამ მიდგომას იზიარებს.

„მთლიანად ვიზიარებ ამ მიდგომას, როდესაც ისეთი დიდი ხნის მეგობრები და სტრატეგიული ხედვის მქონე ადამიანები, მორალურად და პრაგმატულად საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერები სენატორი რიში და სენატორი შაჰინი ასეთ მკაფიო გზავნილებს აკეთებენ ყველა საკითხთან დაკავშირებით, და იქ იყო გზავნილები არა მარტო ამაზე, არამედ იმაზე, რას ნიშნავს ნორმალური სვლა წინ, რიშის კომენტარი იყო ძალიან მკაფიო, რომ დღეს იმის ნაცვლად, გვყავდეს მთავრობა, რომელიც ლობირებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც სერიოზულად დაეხმარებოდა ჩვენს კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯს ან ორმხრივი უსაფრთხოების საკითხებს, დღეს ჩვენი მეგობრები იძულებულები ხდებიან, განიხილონ დახმარებაზე საქართველოსთვის პირობების დაყენების საკითხი. ეს არის ივანიშვილის მმართველობის კატასტროფული შედეგი. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ შეტოპვას, სამწუხაროდ, მით მეტ ზიანს მოუტანენ ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურად დაიღუპავენ  თავს. ჩვენ მოლოდინი კი არ გვაქვს, გვაქვს ამოცანა, ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი პროტესტის და ქვეყნის გარეთ თავისუფალი სამყაროს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ლეგიტიმური ზეწოლის, ქართველი ხალხის მხარდაჭერიდან გამომდინარე, ზეწოლის გამოყენებით, ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილების, ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებში კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ.