ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ.

შეხვედრა ევროკავშირის ოფისში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც.

„ქართული ოცნებიდან“ მოლაპარაკებებზე იმყოფებიან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი, რომლებსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კრისტიან დანიელსონი პარტიების წარმომადგენლებს გუშინაც შეხვდა, რათა დღევანდელი ერთობლივი შეხვედრა მოემზადებინათ. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ დღეს მაგიდაზე დადებს ტექსტს, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის, მიმართული იქნება საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაზრდისკენ. კრისტიან დანიელსონის განმარტებით, საბოლოოდ კი, მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა.

დანიელსონმა ხაზი გაუსვა, რომ თუ შეთანხმება შედგება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, ხოლო მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი.

დატოვე კომენტარი