გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ ღრმა კრიზისია პარტიასა და ქვეყანაში

14:06, 26.04.2018

„ქართული ოცნების“ რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა, მისი იძულება, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან, ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია „ქართულ ოცნებაში“ და მთელს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ეს ამბავი მთელს ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის ერთი რამ – ივანიშვილით დაწყებული, კვირიკაშვილით დამთავრებული, მთელი ამ გუნდით დასრულებული – მათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, მშვიდობიანად და შემდეგ მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე. სხვა არაფერი უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდითა და მმართველობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვდრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

მსგავსი