გიგა ბოკერია - ხდება ღია დემონსტრირება, რომ პოლიტიკური ამოცანებისთვის სისტემის გამოყენება „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდია
გიგა ბოკერია - ხდება ღია დემონსტრირება, რომ პოლიტიკური ამოცანებისთვის სისტემის გამოყენება „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხდება დღევანდელი პოლიტიკური ძალის ღია დემონსტრირება, რომ პოლიტიკური ამოცანებისთვის სისტემის გამოყენება მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდია.

გიგა ბოკერია გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას.

„ხდება ამ ძალის ღია დემონსტრირება, რომ პოლიტიკური ამოცანებისთვის სისტემის გამოყენება მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდია. ეს ხდება, რათა გატეხონ საზოგადოების ნება და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ახლა, არჩევნების წინ მიუსაჯეს „ფორმულას“ მეპატრონეს წლების წინანდელ ამბავზე, ამ დიდი სურათის ნაწილი არის მთავარი მენეჯერის, გვარამიას, მელიას საქმეები.

ამნისტიის კანონი მიიღეს გუშინ, არგუმენტები იყო ხოლმე, რომ შეიძლება, იყოს ისტორიული მომენტი, რომ შევთანხმდეთ და ახალ ფურცელზე გადავდივართ, მტკივნეული ამბები, რომელიც ვიღაცას მიაჩნია დანაშაული, წარსულს ჩავაბაროთ. ამის პრეცედენტები არის სხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში რატომ ვიყავით წინააღმდეგი და რატომ იყო ეს შეცდომა? იმიტომ, რომ როდესაც რეჟიმი გეუბნება, მე არ ვწყვეტ პოლიტიკურ საქმეებსო, ვაგრძელებ დევნას, რამე სუფთა ფურცლიდან დაწყება კი არ ხდება და ახალი რეალობა კი არ იქმნება, უბრალოდ ვაჭრობას სთავაზობს, დღეს დაგიჭერ და გავუცვლი რაღაცაში. ასეთ დროს დათმობა არის წახალისება მომავალში კიდევ უფრო უარესი ქმედების და ამის მოწმეები ვართ ახლა.

ეს არის კიდევ ერთი აშკარა მტკიცებულება ინტერესთა კონფლიქტის, ვინც ბრალი წაუყენა, ის გახდა შემდეგ მოსამართლე და ის ასამართლებდა. ეს არის აშკარა დემონსტრირება, პოლიტიკური ამოცანებისთვის ასე ვიქცევითო და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ? ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ამას არ შევეგუოთ 2 ოქტომბერს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.