გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიას ჩვენი მშვიდობიანი, თუმცა ძლიერი იარაღით, საარჩევნო ხმების დაფიქსირებით უნდა ვუპასუხოთ
გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიას ჩვენი მშვიდობიანი, თუმცა ძლიერი იარაღით, საარჩევნო ხმების დაფიქსირებით უნდა ვუპასუხოთ

ეს არის გარიგება. ამ ხალხმა და მათ, ვინც ამას ქირაობს, იციან, რომ შეთანხმება არის ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან და არავინ დაისჯება ისე, რომ ეს იყოს შემაკავებელი შემდგომი ძალადობის და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი, რომ ვიფიქროთ, ამ შემთხვევაშიც იგივე სცენარს ექნება ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარდა ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ დმანისში მომხდარის შესახებ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც წინასაარჩევნო კლიმატს და ზოგადად, პოლიტიკურ კლიმატს ქმნის ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში. ყველა არჩევნების წინ არის კამპანია სიძულვილის, ოპონენტების დემონიზების და სამიზნედ ამოღების, მათ შორის ყველაზე უფრო აგრესიული რიტორიკით. ეს არ არის ცალკე აღებული პრობლემა. პრობლემა არის კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ამავე დროს ვხედავთ რეჟიმთან დაახლოებულ, მის მიერ დაქირავებულ, მისი წევრი პირების მიერ დაქირავებულ ადამიანებს, რომლებიც, როგორც წესი, არიან ან კრიმინალური სამყაროდან, ან სპორტსმენები, რომლებიც დაკავშირებული არიან კრიმინალურ სამყაროსთან და მუშაობენ ამ ხელისუფლებისთვის, და ვხედავთ, როგორ სჩადიან ძალადობას დაუსჯელად. ჩვენ გვაქვს მთელი გაგრძელება ამ პროცესის, ერთი და იგივე წრიდან ადამიანების. ზოგჯერ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამ ძალადობაში ჩართული. ჩვენ ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ სამარცხვინო დანაშაულში ეჭვმიტანილი ჩაბარდა პოლიციას, ოღონდ ამით არ უნდა მოვტყუვდეთ, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ასეთ სამარცხვინო ქმედებებში მონაწილე დამნაშავეებიდან არც ერთი არ დასჯილა. იგულისხმება, რომ ან ჯარიმას იხდიან, ან უკიდურეს შემთხვევაში, როცა საზოგადოების წნეხი დიდია ადგილზე ან საერთაშორისო კონიუნქტურა ისეთია, რომ აუცილებლად უნდა წაუყენონ ბრალი და ჩასვან ციხეში, რამდენიმე თვეში გამოდიან გარეთ.

ყველამ იცის, რომ ეს არის გარიგება. ამ ხალხმა და მათ, ვინც ამას ქირაობს, იციან, რომ შეთანხმება არის ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან და არავინ არ დაისჯება ისე, რომ ეს იყოს შემაკავებელი შემდგომი ძალადობის, და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაშიც იმავე სცენარს ექნება ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარდა ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართო – ამ ყველაფერს ივანიშვილი აკეთებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამიზნეები არიან ის კონკრეტული ადამიანები, ვისაც თავს ესხმიან. მაგალითად ის, რაც ახლა მოხდა დმანისში, ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაში ჰქონდეთ გზავნილი, რომ ჩვენ ძალადობაზე წამსვლელები ვართ და ამიტომ გაჩერდით, შეეგუეთ რეალობას, არ მოხვიდეთ არჩევნებზე. ჩვენ ვრჩებით ყველა ვარიანტში, თუ არადა, გამოვიყენებთ ძალადობას. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ყველა საარჩევნო კამპანიის სამარცხვინო ასპექტი და როცა კითხვას სვამენ ხელისუფლების წარმომადგენლები რიტორიკულად, რატომ მიგაჩნიათ, რომ არადემოკრატიულია არჩევნები. ამაზეა საუბარი უპირველესად. ეს არის ერთ-ერთი მახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმების, ამას ვხედავთ უფრო მძიმე ფორმებით პუტინის რუსეთსა და სხვა ამ ტიპის ავტორიტარულ რეჟიმებში, ან ღია დიქტატურებში ჩვენ გარშემო.

ჩემი და ჩემი გუნდის – „ევროპული საქართველოს“ მთავარი გზავნილია, რომ ამ სამარცხვინო ქმედებებზე, რომელიც მეორდება წლიდან წლამდე, საუკეთესო პასუხი და საუკეთესო იარაღი, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან ძლიერი იარაღი, რაც ჩვენ, ყველას გვაქვს, არის ჩვენი საარჩევნო ხმა, და თუ გვინდა, რომ ამას წერტილი დავუსვათ, თუ გვინდა, რომ ეს საფრთხე მოვიშოროთ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს და ამავე დროს, ყველა მომავალ ხელისუფლებას, თუნდაც ის უკეთესი იყოს ამაზე, რაც ძნელი არ არის, გაკვეთილი დავუტოვოთ, არის დიდი უპირატესობით დამარცხება ივანიშვილის რეჟიმის. დამარცხება ამ არჩევნებზე, მაგრამ თუ საპირისპირო რეაქცია ექნება საზოგადოების ნაწილს ამ ძალადობისა და საფრთხის შემხედვარეს, მაშინ გამოდის, რომ ეს ინსტრუმენტი მუშაობს და ეს არის მხარდაჭერა ყველა მოქალაქისგან, ვინც ამის გამო ან რაიმე სხვა მოსაზრებებით თავს შეიკავებს არჩევნებში მონაწილეობის და თავისი ნების დაფიქსირებისგან“, – განაცხადა ბოკერიამ.

გუშინ, დმანისში დაპირისპირებისას, ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

დატოვე კომენტარი