გიგა ბოკერია - „ქართულ ოცნებას“ მაგიდაზე უდევს კომპრომისული წინადადებები, აირჩიონ ნებისმიერი და შეწყვიტონ რეპრესიები
გიგა ბოკერია - „ქართულ ოცნებას“ მაგიდაზე უდევს კომპრომისული წინადადებები, აირჩიონ ნებისმიერი და შეწყვიტონ რეპრესიები

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა იყო და არის პროპორციული არჩევნები, რომლის პირობაც თავის დროზე დადო ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ბევრი ვარიანტი შესთავაზა, რომელიც მათთვის იდეალური სულაც არ იყო, თუმცა „ქართულ ოცნებას“ გონივრული კომპრომისი არ აინტერესებს.

ამ კომენტარით გიგა ბოკერია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„დესტრუქციული ძალა იქნებითო, თუ ახლა რაღაცას არ იზავთო, ხომ ასე თქვა? ისე არა ვართ დესტრუქციული ძალა? ჯერ ეს დააზუსტოს იქნებ, ვერ გავიგე, ანუ ახლა გავხდებით? რაც შეეხება მის ე.წ. წინადადებას, ისტერიკაც მინახია და ისტერიკაც, რამდენჯერ უნდა გაიმეოროს ეს სისულელე ამ ივანიშვილის კლოუნმა, ამაზე ხომ პასუხი მიიღო, საზოგადოების დაკვეთა იყო, არის და რა პირობაც დადო ივანიშვილმა დაღვრილი სისხლის და გავრილოვის ღამის შემდეგ, არის პროპორციული არჩევნები. ჩვენ შევთავაზეთ მათ ბევრი ვარიანტი არაიდეალური, არა სრულად პროპორციული, მაგრამ არსებითად პროპორციული, ამაზე პასუხად მივიღეთ, რომ არ აინტერესებთ გონივრული კომპრომისი და დაგიჭერთო, რადგან ივანიშვილს აქვს ბრიყვული გათვლა, რომ დაჭერების მუქარითა და დაჭერებით ამ არანორმალურ ვითარებაში გადარჩება და ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მწარედ ცდება“ ,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერია ამბობს, რომ მმართველ პარტიას კომპრომისული წინადადებები მაგიდაზე უდევს და მოლაპარაკებებს სწორედ ისინი უნდა დაუბრუნდნენ.

„თუ ის გონს მოეგება და ამის ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავ, მაშინ მაგიდაზე უდევთ კომპრომისული წინადადებები, ბევრნაირი, ნებისმიერი აირჩიონ იქიდან, შეწყვიტონ რეპრესიები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები და შემდეგ შედარებით ნორმალურ ვითარებაში შეეგუონ იმ ვერდიქტს, რაც ექნება ამომრჩეველს, იქამდე მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებელი არიან ეგენი ივანიშვილის დავალებით და არა ოპოზიცია“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი