გიგა ბოკერია - მტრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შეიძლება, საჭიროც იყოს, მაგრამ ამ შეხვედრიდან კარგს არაფერს ველი
გიგა ბოკერია - მტრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შეიძლება, საჭიროც იყოს, მაგრამ ამ შეხვედრიდან კარგს არაფერს ველი

მტრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შეიძლება, საჭიროც იყოს, მაგრამ ამ შეხვედრიდან კარგს არაფერს ველი. ძნელად წარმომიდგენია, დავით ზალკალიანს ჰქონდეს უნარი, რაღაც საკითხი დაძრას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები ეფექტურად დაიცვას. უფრო მეტიც, ბოკერია მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით რუსეთის პოზიციებს აძლიერებს.

„მტრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შეიძლება, საჭიროც იყოს. დიალოგს აწარმოებენ პირველ რიგში მტრულ სახელმწიფოებთან. ეს საჭიროა, მაგრამ ამ შეხვედრიდან არაფერ კარგს არ ველი. არ ველი არანაირ ძვრას იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არ აქვს არც ხედვა, არც ნება და არც რწმენა, რომ საქართველოს ინტერესები ამ ვითარებაში ეფექტურად დაიცვას. უფრო მეტიც, საკუთარი პოლიტიკით ის რუსეთის პოზიციებს აძლიერებს. ნებით თუ უნებლიედ, ამას მნიშველობა არ აქვს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ამასთან, დეპუტატის თქმით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით მისი სკეპტიკურად განწყობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ, როგორც ამბობს, დავით ზალკალიანს ნულოვანი პოლიტიკური წონა აქვს.

„დამატებითი ფაქტორია თვითონ მინისტრის ფიგურაც. მას ნულოვანი პოლიტიკური წონა აქვს, ამიტომ ძნელად წარმომიდგენია, ჰქონდეს უნარი, თუნდაც დიპლომატიური თვალსაზრისით, რაღაც საკითხი დაძრას ისე, რაც ჩვენ რეალურ სარგებელს მოგვიტანს. ამიტომ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.