გიგა ბოკერია - მოსამართლეობის კანდიდატთა სიამ დაადასტურა, რომ ივანიშვილის ერთადერთი ამოცანაა, გაამყაროს კონტროლი უზენაეს სასამართლოზე კლანის მეშვეობით
გიგა ბოკერია - მოსამართლეობის კანდიდატთა სიამ დაადასტურა, რომ ივანიშვილის ერთადერთი ამოცანაა, გაამყაროს კონტროლი უზენაეს სასამართლოზე კლანის მეშვეობით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მოჰყვება პროტესტი პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობით ცნობილი მოსამართლეები სიმბოლურადაც კი არ მოახვედრეს სიაში.

„სიამ დაადასტურა ის, რაც ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, რომ ივანიშვილის ერთადერთი ამოცანაა, გაამყაროს კონტროლი უზენაეს სასამართლოზე იმ კლანის მეშვეობით, რომელიც არის კორუმპირებული კლანი, რომელიც მას ემორჩილება, რომელსაც კონტრაქტი აქვს მასთან და სხვა მასთან დაკავშირებული პირები, როგორიც არის მოქმედი გენერალური პროკურორი და ასე შემდეგ. სხვათა შორის სიმბოლურია, რაც უცებ ვნახე, რომ ის რამდენიმე გამონაკლისი მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ცნობილი იყო და ახლაც ცნობილია დამოუკიდებლობით, მაღალი რეპუტაციით და კვალიფიკაციით, მაგალითად ქალბატონი კოპალიანი, სიმბოლურადაც კი არ მოახვედრეს ოცეულში. ეს არის რეალობა, ამიტომ ამას მოჰყვება პროტესტი პარლამენტში და პარლამენტს გარეთ. საბოლოო ჯამში გარდატეხა ამ სისტემაში მოხდება ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმ დიდი რეფორმებით, რომელიც შემდგომმა ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს მართლმსაჯულების მიმართულებით და არა მარტო, რაც აქამდე არ მომხდარა არც ერთი ხელისუფლების დროს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

აღნიშნული კანდიდატები არიან:  თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე;  ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე;  ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა დღეს ორ ეტაპად წარიმართა. პარლამენტს წარედგინება ყველა ის კანდიდატურა, რომელიც პირველი კენჭისყრის შედეგად შეირჩა.  მეორე ეტაპზე სათითაოდ ეყარა კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს. იმისთვის, რომ კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად შერჩეულიყო, საჭირო იყო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.

დატოვე კომენტარი