გიგა ბოკერია - მამუკა ბახტაძის აბსურდული განცხადებები ჩვენს შეფასებას არ იმსახურებს
გიგა ბოკერია - მამუკა ბახტაძის აბსურდული განცხადებები ჩვენს შეფასებას არ იმსახურებს

მამუკა ბახტაძის აბსურდული განცხადებები ჩვენს შეფასებას არ იმსახურებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„არ ვარ ფსიქოანალიტიკოსი, არ დავიწყებ მარჩიელობას, ცდილობს თუ არა მამუკა ბახტაძე, მოიგოს მისი რეალური უფროსის გული, ამას ქვეყნისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნისთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უზარმაზარი პრობლემაა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ივანიშვილის ინტერვიუს დროს და ალბათ ყოველდღე დავინახავთ ბახტაძის ნაბიჯებით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშვალდებულება.

ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ყველაფერს თვითონ აკონტროლებს, თან პასუხისმგებლობაც არ უნდა ჰქონდეს. უტიფრად, ყველა ჩავარდნას აბრალებს მის მიერ შერჩეულ მარიონეტებს. ეს არის კაცი, რომელიც სრულ აბსურდს გვახვევს, რომ დემოკრატიამ გაუსწრო ეკონომიკას. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება არ გამოვა, სანამ ამ ხალხს სახლში არჩევნების გზით არ გავუშვებთ. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი და ბახტაძის ცალკეული სამარცხვინო და აბსურდული განცხადებები ჩვენს შეფასებას არ იმსახურებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, ხელმოცარული, უპერსპექტივო ოპოზიცია კვლავაც აგრძელებს მასზე იერიშის მიტანას.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.