გიგა ბოკერია - ივანიშვილს თუ ვაიძულებთ, პროპორციულთან მიახლოებული მოდელი წარმოადგინოს, ამ მოდელით უნდა დავამარცხოთ ხელისუფლება და შემდეგ გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები
გიგა ბოკერია - ივანიშვილს თუ ვაიძულებთ, პროპორციულთან მიახლოებული მოდელი წარმოადგინოს, ამ მოდელით უნდა დავამარცხოთ ხელისუფლება და შემდეგ გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ დევნას ვერ გამოიყენებს იმისთვის, რომ აიძულოს ოპოზიცია, საზოგადოებას არსებითად არაპროპორციული საარჩევნო მოდელი შესთავაზოს.

ბოკერიას თქმით, ასეთია მაგალითად 110/40-ზე მოდელი, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს.

ბოკერიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს თუ აიძულებენ, პროპორციულთან არსებითად მიახლოებული მოდელი წარმოადგინოს, ამ მოდელით უნდა დაამარცხონ ხელისუფლება და შემდეგ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.

„დასაფასებელია, როცა პოლიტპატიმრებმა და ჩემმა მეგობრებმა, გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ ამ ტიპის სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირეს. მეც მინდა დავადასტურო ის, რაც ჩემმა მეგობრებმა უკვე თქვეს – ამ პოლიტიკურ დევნას ივანიშვილი ვერ გამოიყენებს იმისთვის, რომ აიძულოს ოპოზიცია, საზოგადოებას შესთავაზოს იმ ტიპის საარჩევნო მოდელი, რომელიც არ არის არსებითად პროპორციული, როგორიცაა მაგალითად 110/40-ზე, რასაც ახლა გვთავაზობენ. მაგრამ ჩვენ თუ მივაღწევთ იმას, რომ ის იძულებული იქნება, დადოს მოდელი, რომელიც პროპორციულთან არსებითად მიახლოებულია, ამ მოდელით უნდა დავამარცხოთ ხელისუფლება და შემდეგ ყველა პოლიტპატიმარი გავათავისუფლოთ“,- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა პოსტი, რომელშიც უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მშვიდობიან განვითარებას ჰაერივით სჭირდება.

გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.

უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.