გიგა ბოკერია - ივანიშვილის გუნდის მშვიდობიანად, არჩევნების გზით მოშორება ეროვნული ამოცანაა
ივანიშვილის გუნდის მშვიდობიანად, არჩევნების გზით მოშორება ეროვნული ამოცანაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„უფსკრულში გადაჩეხვის იმხელა პრობლემაა, რომ ეს ამოცანა ძალიან განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს და უნდა აერთიანებდეს. მათ შორის – პოლიტიკურ პარტიებსაც. არჩევნების შედეგად, ამ უფსკრულში გადაჩეხვას რომ გადავრჩებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა თავისი გუნდით შეიყვანა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მერე რას შვრები. ამიტომ, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ რას თვლის სისულელედ და ვინ რას აპირებს“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა და ამის შესახებ მათ წინასწარ იცოდნენ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ „ევროპულ საქართველოს“ გრიგოლ ვაშაძე ძალიან არ მოსწონს, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება უზომოდ დიდ პრობლემად მიაჩნდათ და ახლაც ეს ვითარებაა.
„იგივე ვითარებაა ახლაც. მე ვთქვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში შევალთ, თუ ივანიშვილის და მისი მოკავშირე პრორუსული ჯგუფების ჩამოცილების ყველა სხვა გზა ამოიწურა. ეს არის პასუხისმგებლიანი პოზიცია. ოღონდ, ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენ ვიყოთ ლიდერები“, – განაცხადა ბოკერიამ.
ამ განცხადებით გიგა ბოკერიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა განსხვავებაა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და რატომ უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა მხარი „ევროპულ საქართველოს“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ, როცა კრიტიკულ შემთხვევებში ეს ორი პარტია ისევ ერთ გუნდად გვევლინება და ამჯერადაც, „ევროპული საქართველო“ წინმსწრებად აცხადებს კოალიციის შესახებ, რომ თუ მომავალ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ მათზე წინ იქნება და პრემიერ-მინისტრის ასარჩევად ხმები დასჭირდება, ისინი მათ გვერდით დადგებიან.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისგან რა შემთხვევაში რას უნდა ელოდეს.
„ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, ჩვენგან რას ელოდება და თან იცის, რომ ჩვენ საკუთარ სიტყვას ვიცავთ, რასაც სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვიტყვი „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ იმედი მაქვს, ახლა ასე არ იქნება. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, ბევრ რამეში არ ეთანხმები, მოგიწევს, მხარი დაუჭირო. ჩვენი ამოცანაა და ამის ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ „ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვა პროდასავლური ჯგუფები, რომლებთანაც ბევრად ნაკლები საერთო მაქვს, მეტნი ვიქნებით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია, მაგრამ რაც მთავარია, ყველა ერთად ვიქნებით მეტნი, ვიდრე 50 პროცენტი. ამ შემთხვევაში, დემოკრატიის წესი მოითხოვს, ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ გიგა ბოკერიას შეახსენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მან მხარი დაუჭირა ადამიანს, რომელსაც მარქსის „კაპიტალი“ ყველაზე დიდ სიკეთედ მიაჩნდა, რაზეც „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცხოვრება რთული არჩევნებისგან შედგება და ყოველთვის იმას ვერ ვაკეთებთ, რაც მოგვწონს არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
„აი, ეგ არის ცხოვრება, როგორც გიჭირდესო…“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.