გიგა ბოკერია „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე - ქვეყნის მტრობის ამაზე ღია დემონსტრირება, რთული წარმოსადგენია
გიგა ბოკერია „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე - ქვეყნის მტრობის ამაზე ღია დემონსტრირება, რთული წარმოსადგენია

ქვეყნის მტრობის ამაზე ღია დემონსტრირება, რთული წარმოსადგენია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, წლებია, ირმა ინაშვილს და მის პარტიას, მმართველი გუნდი თავის სასარგებლოდ იყენებს.

„ეს არის პროპუტინისტური პროპაგანდის ხაზი, რომელსაც სამწუხაროდ, წლებია ივანიშვილის რეჟიმი თავის სასარგებლოდ იყენებდა. ერთი სისხლი და ხორცი იყვნენ. ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ისინი საქართველოს დაზიანებას. როდესაც რეალური მტერი გვყავს, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, მის ინტერესებს ატარებენ და უნდათ, მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოს სამხრეთით. ამაზე ღია დემონსტრირება ქვეყნის მტრობის, რთული წარმოსადგენია“, – განაცხადა ბოკერიამ.

საუბარია აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“ ბანერი ამ დროისთვის ჩამოხსნილია.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, თურქეთის მიერ აჭარის ექსპანსია ხდება. პარტიის ლიდერი აჭარაში მსგავსი ბანერის განთავსებას სწორედ ამით ხსნის.