გიგა ბოკერია - გვითხრეს, შეშა აკრძალულიაო, მოვიტანეთ წალამი, ამას მოჰყვა უზარმაზარი ოპერაცია, რათა ამოეღოთ წალამი
გიგა ბოკერია - გვითხრეს, შეშა აკრძალულიაო, მოვიტანეთ წალამი, ამას მოჰყვა უზარმაზარი ოპერაცია, რათა ამოეღოთ წალამი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს შეშის მიტანა აუკრძალეს, მათ წალამი მიიტანეს, რასაც პოლიციის მხრიდან „წალმის ამოღების ოპერაცია“ მოჰყვა.

გიგა ბოკერიას თქმით, სწორედ ამ დროს ჩასვეს პოლიციის მანქანაში ის, თენგიზ გუნავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი, თუმცა ბოკერია და გუნავა სამართალდამცველებმა მალევე გამოუშვეს.

„ძალიან სამწუხარო რეალობაა, პოლიციას რეჟიმმა დაავალა, რომ არ უნდა მისცენ მომიტინგეებს გათბობის საშუალება. იცით, რომ მთელი დღეა, სამარცხვინო ბრძანებებს ასრულებინებენ. ჩვენც გავაჩერეს, შეშა რომ მოგვქონდა. იქ იყვნენ ხელმძღვანელები, ბატონი კირკიტაძე იყო. გვითხრა, რომ შეშა არის აკრძალული. შეშა ესროლა რამოდენიმე მომიტინგემ პოლიციასო, ასეთი გამართლება უპოვეს. მივიღეთ ამ არარაციონალური ბრძანების შესახებ ინფორმაცია და მოვიტანეთ წალამი, რომელსაც ვერავის ესვრი. ამას მოჰყვა უზარმაზარი ოპერაცია, რათა ამოეღოთ წალამი. ამ ოპერაციაში გუნავა, მეც და ნიკა თარგამაძე დაგვაკავეს და კიდევ რამდენიმე ჩვენი აქტივისტი. ოღონდ ჩვენ მალევე გამოგვიშვეს პატრულის თანამშრომლებმა. გვითხრეს, რომ განგარიდეთ სიტუაციასო. მთავარი საკითხი არის აქ, რა დღეშია პოლიცია ჩაგდებული. ჯერ რა სიბრიყვეა, რომ ეს ჩაახშობს პროტესტს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა დეპუტატები გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით თავად ბოკერიამ განაცხადა, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ის და გუნავა ვითარებას განარიდეს და მალევე გამოუშვეს.

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეშისა და კასრების მიტანის შესაძლებლობას არ აძლევენ, რის გამოც დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე შელაპარაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე წალმის მიტანა სცადეს, თუმცა, მათი თქმით, სამართალდამცველებმა ამის საშუალებაც არ მისცეს.