გიგა ბოკერია - გიორგი რურუას თემა ჩვენთვის არის არა პერსონალური, არამედ პრინციპების საკითხი
გიგა ბოკერია - გიორგი რურუას თემა ჩვენთვის არის არა პერსონალური, არამედ პრინციპების საკითხი

ჯობს, ბიძინა ივანიშვილი გონს მოეგოს, საკონსტიტუციო ცვლილებების ამბავი დავამთავროთ, რურუაც გამოუშვას და ვითარება დამშვიდდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, გიორგი რურუას დღევანდელი განცხადება არის ღირსეული ნაბიჯი.

„ეს ჩვენთვის არ არის პერსონალური საკითხი, ეს არ ესმით ივანიშვილსა და მისი კლოუნების გარემოცვას. ეს არის პრინციპის საკითხი, რომ არავინ არ შეიძლება იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა, მე ვარ, უგულავა, ოქრუაშვილი, ხაზარაძე თუ რურუა, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა და საჯაროდ გვითხრა, რომ აი, ახლა დაგსჯით. ეს კანონის უზენაესობას გამორიცხავს. არავინ უნდა იჯდეს ციხეში იარაღის ჩადებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, რომ სხვებს უშვებ გირაოთი იგივე საქმეებზე და ამას ტოვებ პოლიტიკური მოტივებით ციხეში. რაც მთავარია, არ მოსულა, შეთანხმება რომ მოხდება, მერე თქვა – მე ამ ნაწილში გადაგაგდე, არ მოსულა. უნდა ისწავლოს ივანიშვილმა ჭკუა და თავისი ხელით გაიტანოს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც არ უნდოდა და მერე იზეიმოს თუ უნდა. სასაცილოა, რომ ზეიმობს იმას, რაც არ უნდოდა, რომ ექნა და გამოუშვას რურუა ციხიდან. პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ პირველ მოსმენაში მივიღეთ მონაწილეობა, რადგან გადაგვეზღვია რისკები და თან არსებითი განსხვავებაა პირველ, მეორე და მესამე მოსმენას შორის. პირველ მოსმენაზე თუ ჩავარდა, მთავრდება ამბავი. აქ დამოკლეს მახვილივით ეკიდება ივანიშვილის თავზე, ზუსტად ისე, როგორც დამოკლეს მახვილივით ეკიდება ივანიშვილის თავზე პოლიტპატიმარი გიორგი რურუას არგამოშვება, თუ ეს ასე დარჩა. ჯობია, გონს მოეგოს ივანიშვილი, საკონსტიტუციო ცვლილებების ამბავი დავამთავროთ, რურუაც გამოუშვას და ვითარება დამშვიდდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი რურუამ დღეს სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. როგორც რურუა წერს, პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა.  „ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია“, – წერს რურუა.