გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“ არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობას არ მიიღებს,  ჩვენი და ტარიელ ნაკაიძის გზები გაიყო
გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“ არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობას არ მიიღებს, ჩვენი და ტარიელ ნაკაიძის გზები გაიყო

ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ტარიელ ნაკაიძემ დაიცვა ყველა ის დემოკრატიული პროცედურა, რაც განსხვავებული აზრის დროს უნდა გვქონდეს, რაც სამწუხაროდ, სხვებმა და მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიცვეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ტარიელ ნაკაიძის მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბოკერის განცხადებით, პარტიის პოზიციაა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

მისივე თქმით, ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი, რომ პარლამენტში პარტიის სახელით ყოფილიყო წარმოდგენილი.

„ევროპული საქართველო“ იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი. ტარიელ ნაკაიძეს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა. თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში, თუ აღდგებოდა სიები, ის იმ კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა თავის ადგილს, მაგრამ რადგან პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ამ პარლამენტში. ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში, თუ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და უფრო მეტიც, თუ იქნებოდა სრულფასოვანად ამოქმედებული ყველა რეგულაცია, სხვა ადამიანი დაიკავებდა მის ადგილს სიაში, მაგრამ ამის მიუხედავად, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია რჩება მყარი, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით პოზიციას არალეგიტიმურ პარლამენტთან დაკავშირებით. ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ამ ადამიანმა დაიცვა ყველა ის დემოკრატიული პროცედურა, რაც განსხვავებული აზრის დროს უნდა გვქონდეს, რაც სამწუხაროდ სხვებმა და მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიცვეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტიის საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის.