გიგა ბოკერია „ენდიაის“ კვლევაზე - ოპოზიცია აშკარად ჯაბნის „ქართულ ოცნებას“, „ევროპული საქართველოსთვისაც“ კარგი მონაცემებია
გიგა ბოკერია „ენდიაის“ კვლევაზე - ოპოზიცია აშკარად ჯაბნის „ქართულ ოცნებას“, „ევროპული საქართველოსთვისაც“ კარგი მონაცემებია

ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომლითაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, კვლევა ასახავს „იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა“.

ამასთან, ბოკერიას განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციას ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი მხარდაჭერა აქვს და ტენდენციის თვალსაზრისით, „ევროპული საქართველოსთვისაც“ კარგი მონაცემებია.

„ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილმა და მისმა კლოუნების არმიამ. ისტორიული ანტირეკორდია ადამიანების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას მიყავს ქვეყანა არასწორი მიმართულებით, პოლიტიკური უფსკრულისკენ. დემოკრატიის ხარისხის შეფასებისას ვხედავთ, რომ ასევე ანტირეკორდი არის, რაც ბუნებრივია, რადგან საზოგადოება ხედავს, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები. დემოკრატიული ოპოზიცია აშკარად ჯაბნის ჯამში „ქართულ ოცნებას“. „ევროპული საქართველოსთვისაც“ ტენდენციის თვლსაზრისით კარგი მონაცემებია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოება ჯამში ყოველთვის საღად აფასებს ვითარებას, ყველა ხელისუფლების დროს. თუ გადავხედავთ, ასეა. საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ ეს კაცი ეპყრობა საზოგადოებას, როგორც მის ხელქვეითებს, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, ასე სურს მოგვეპყროს ყველას, ბუნებრივია საზოგადოებამ ამაზე მისცა რეაქცია“ ,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას განმარტებით, საპროტესტო მოძრაობა და საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება.

„საპროტესტო მოძრაობა და საერთაშორისო ზეწოლაც გაგრძელდება. ივანიშვილისთვის პერსონალურად და მთელი  მისი კლოუნების არმიისთვის სჯობს, დროზე მოეგონ გონს და ის შეურაცხოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა, უკან წაიღოს. თუ ასე არ მოხდება, მაინც განწირულია ნებისმიერი სისტემის პირობებში. „ოცნებას“ ჰყავს ლიდერი და ეს არის სამარცხვინო ლიდერი ივანიშვილი, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არის „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არც ერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – ექვსი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ორი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ორი პროცენტი, „გირჩი“ – ერთი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – ერთი პროცენტი, „სხვა“ – ერთი პროცენტი.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი,  „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.

ასევე, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, გამოკითხულთა 19 პროცენტი ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 24 პროცენტის აზრით, არ იცვლება.

ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

დატოვე კომენტარი