გიგა ბოკერია - ჩემთვის პატივსაცემი თანაგუნდელები არიან გიორგი კანდელაკი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ასევე სამდივნოს წევრები, რომლებიც ქვეყნისთვის რთულ ვითარებაში პარტიას წინ გაუძღვებიან
გიგა ბოკერია - ჩემთვის პატივსაცემი თანაგუნდელები არიან გიორგი კანდელაკი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ასევე სამდივნოს წევრები, რომლებიც ქვეყნისთვის რთულ ვითარებაში პარტიას წინ გაუძღვებიან

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მისთვის პატივსაცემი თანაგუნდელები არიან გიორგი კანდელაკი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ასევე სამდივნოს დანარჩენი წევრები, რომლებიც ქვეყნისთვის რთულ ვითარებაში პარტიას წინ გაუძღვებიან.

ამასთან, გიგა ბოკერიამ ყოფილი თანაგუნდელების, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ პარტიიდან წასვლის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, მათ მიიღეს მცდარი გადაწყვეტილება.

ბოკერიას თქმით, თუ „ევროპული საქართველოს“ ნებისმიერი ყოფილი თანაგუნდელის ინტერესები დაემთხვევა პარტიის ინტერესებს, ღირებულებებსა და ფასეულობებს, პარტიის თავმჯდომარის თქმით, ის იქნება „ევროპული საქართველოს“ პარტნიორი.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა ვუთხრა დიდი მხარდაჭერისა და პატივისთვის, რაც ჩემმა თანაგუნდელებმა გამოხატეს დღეს ჩემ მიმართ. გიორგი კანდელაკი, გიგი წერეთელი, კაკო ბობოხიძე და სამდივნოს ყველა სხვა ახალი წევრები, მათ შორის ახალგაზრდები, ვინც ამ ქვეყნისთვის რთულ ვითარებაში პარტიას წინ გაუძღვება, ჩემთვის არის ძალიან პატივსაცემი თანაგუნდელი, ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი.

რაც შეეხება ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც სხვა გზა აირჩიეს, ვწუხვარ. ჩემი აზრით, მათ მიიღეს მცდარი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ასეთ რთულ ვითარებაში. წარმატებები მინდა ვუსურვო და მადლობა ვუთხრა იმ განვლილი გზისთვის, რაც აქამდე გავიარეთ. „ევროპული საქართველოს“ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენი თანაგუნდელი იყო, თუ მომავალშიც დაემთხვევა ჩვენი ინტერესები, ღირებულებები და ფასეულობები, ის ჩვენი პარტნიორი იქნება.

ლიბერალური დემოკრატიის და ამ ფასეულობების, ეკონომიკური და თვისობრივი თავისუფლების, სამოქალაქო სახელმწიფოსი და ევროატლანტიკური არჩევანის საქმეში, შეუცვლელია ის გუნდი, რომელიც ახლა არის „ევროპულ საქართველოში“. რამდენიმე მათგანი, ვინც ახლა იქნა არჩეული, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას, რომ ივანიშვილის რეჟიმს ბოლომდე დავუპირისპირდეთ, ვიდრეარ ჩამოვაცილებთ მას ძალაუფლებიდან, მაგრამ ისე, რომ არ დავემსგავსოთ მას. ეს ცდუნება ბევრ პოლიტიკურ პარტიას აქვს ხოლმე და „ევროპული საქართველო“ არის გამორჩეული, რომ ამ ცდუნებას არასოდეს აჰყვება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დღეს მიიღეს.

ამასთან, პარტიის დღევანდელ ყრილობას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ უკვე ყოფილი წევრები დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა. დავით ბაქრაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე და ამასთან, ამ ეტაპზე არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას. ამასთან, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა გიგი უგულავამაც, რომელმაც დაწერა, რომ „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“.

პარტია „ევროპული საქართველო“ დღეს გივი თარგამაძემაც დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.