გიგა ბოკერია - აშშ-ის საელჩოს განცხადება ძალიან მკაფიო გზავნილია
გიგა ბოკერია - აშშ-ის საელჩოს განცხადება ძალიან მკაფიო გზავნილია

4 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე იქნება საზოგადოების დიდი აქცია ოპოზიციის აქტიური ორგანიზებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე ოპოზიცია სტრატეგიითა და კონკრეტული გეგმით წარდგება.

„ჩვენ წარვდგებით ჩვენი სტრატეგიით, კონკრეტული გეგმით, შეთანხმებით, რომელსაც იქამდე მივაღწევთ. ეს პროცესი დაწყებულია. აქციამდე იქნება რეგიონებში გასვლები, პიკეტირებები, სხვა აქტივობები, მაგრამ ეს აქცია იქნება საკვანძო, ამ ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი, სადაც ოპოზიციური ერთობა, დემოკრატიული ოპოზიცია წარდგება თავისი კონკრეტული ხედვით, როგორ გაგრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ჭირი მოვიშოროთ ყველამ ერთად, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილმა, ამ სამარცხვინო ლიდერმა და მისმა მასხარებმა შეიყვანეს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი დაწყებული იყო და ოპოზიცია კიდევ უფრო სწრაფად მოახდენს კოორდინირებას.

„ეს პროცესი დაწყებული იყო იქამდეც, რადგან ამ სცენარზე გათვლა უნდა გვქონოდა და გვქონდა კიდეც. ამ ნაბიჯის შემდეგ, რომლითაც ივანიშვილმა მოსპო შესაძლებლობა ამ ეტაპზე ნორმალიზების და შეამცირა შანსები, შემსუბუქებულიყო მისი ბედი და ქვეყანას ნაკლები ზიანი მიეღო, ანუ შეჯერება მაგალითად, საარჩევნო კოდექსზე და პოლიტიკური დევნის შეჩერება, ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად მოვახდენთ კოორდინირებას და მათ შორის ამ აქციაზე, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ყველაფრის წარდგენა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, დეპუტატი საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგთან და გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ძალიან მკაფიო გზავნილია, რომ ამ ნაბიჯმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა ნორმალიზების შანსებს და ეს ლოგიკურია. სხვანაირად ვერც იქნებოდა. პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზება საჭიროებს, რომ პოლიტიკური მოტივებით არ იყოს გამოყენებული სამართლებრივი სისტემა – მე  უბრალოდ ვციტირებ განცხადებას. მიმაჩნია, რომ ეს ადეკვატური შეფასებაა ვითარების და სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს ვითარება, რომ ივანიშვილს, ამ სამარცხვინო ლიდერს და მის მასხარებს არ აქვთ უნარი, მიხვდნენ, რომ დროზე უნდა მოეგონ გონს. თუმცა ეს სიგნალები მოდის საქართველოს მეგობრებისგან, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ისინი რაღაც მომენტში გონს მოეგებიან, კარგი იქნება. ჩვენ სამოქმედო გეგმა გვაქვს გათვლილი იმაზე, რომ ის ასლან აბაშიძის კურსს აგრძელებს და ამ ვითარებაში დამარცხდება“, – განაცხდა გიგა ბოკერიამ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა: „აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მიმდინარე წლის 4 აპრილს 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიცია აქციას გეგმავს.

დატოვე კომენტარი