ოპოზიცია აქციას 4 აპრილს გეგმავს
ოპოზიცია აქციას 4 აპრილს გეგმავს

ოპოზიცია აქციას 4 აპრილისთვის აანონსებს. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ახალ გეგმაზე გადადის, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებასთან დ ხალხთან აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა წარიმართება.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, 4 აპრილიდან ისტორიული პროცესი იწყება.

„ახალ გეგმაზე გადავდივართ. ახალი გეგმა მდგომარეობს შემდეგში – დღე და ღამ მუშაობა საზოგადოებასთან და ხალხთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, უბან-უბან, რაიონ-რაიონ, კარდაკარ, აბსოლუტურად ყველგან. 4 აპრილს ოთხ საათზე რუსთაველზე ვიკრიბებით ყველა, სადაც განვაცხადებთ არჩევნებში ჩვენი ერთობლივად თანამშრომლობის რა  მექანიზმი გვექნება, ამ კუთხით მონაწილეობის საკითხს. დაიმახსოვრეთ, ეს არის თარიღი, როცა მართლაც ისტორიული პროცესი იწყება, როცა ქართულმა ოპოზიციამ ერთხელ და სამუდამოდ მოძებნა საერთო ენა და აუცილებლად ეს იქნება მაჟორიტარული, თუ სხვა კუთხით თანამშრომლობა, ყველაფერს ვიტყვით. მთავარია, ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ვიბრძოლებთ ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.