გიგა ბოკერია - არჩევნების პირველ ტურში დასრულებისთვის, საჭიროა მაჟორიტარებზე კოორდინირება
გიგა ბოკერია - არჩევნების პირველ ტურში დასრულებისთვის, საჭიროა მაჟორიტარებზე კოორდინირება

ამომრჩეველი არის მრავალფეროვანი, განსხვავებული და მათ უნდა ჰქონდეს ყველა შანსი, რათა საკუთარ პარტიას მისცეს ხმა და 2018 წლის მეორე ტური არ უნდა განმეორდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საარჩევნო სიაზე საუბრსას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ორპოლუსიანად ვითარების დახატვის ამოცანა აქვს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდას და ამაში ოპოზიცია არ უნდა დაეხმაროს.

ორპოლუსიანობის საკითხში ნინო ბურჯანაძეს არა თუ ვეთანხმები, პირველი კომენტარი „ევროპულმა საქართველომ“ გავაკეთეთ, რომ ორპოლუსიანად ვითარების დახატვის ამოცანა აქვს ივანიშვილის პროპაგანდას და ამაში არ უნდა დავეხმაროთ. ეს ჩვენს ამომრჩეველში რეალობას არ გამოხატავს. რადგან ამომრჩეველი არის მრავალფეროვანი, განსხვავებული და მათ უნდა ჰქონდეს ყველა შანსი, რომ საკუთარ პარტიას მისცეს ხმა და 2018 წლის მეორე ტური არ უნდა განმეორდეს. იმისათვის, რომ არჩევნები პირველ ტურში მორჩეს, საჭიროა მაჟორიტარებზე კოორდინირება, რომელიც ასევე პროპორციულად მრავალფეროვნების გამომხატველი იქნება. პარტიებმა თვითონ უნდა მოიპოვონ თავიანთი საპროცენტო ხმები და როგორც 2018 წლის პირველ ტურში დამარცხდა, ივანიშვილი ისე დამარცხდება ახლა. პირველივე ტურში მორჩება ყველაფერი. მეორე ტური აღარ განმეორდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის იდეებს პირველ რიგში „ქართულ ოცნება“ განიხილავს.

„საერთო სიასთან დაკავშირებით იდეა რელევანტური არ არის. ისე ნებისმიერი იდეის განხილვის უფლება არსებობს. ამის უფლება ყველას აქვს. მაგალითად ივანიშვილის პროპაგანდა ძირითადად სააკაშვილის იდეებს იხილავს ხოლმე. ასეთ შეზღუდვას ხომ არ დავუწესებთ ივანიშვილს, მმართველ გუნდს ან მის მედიასაშუალებებს, რომ განიხილონ თუ არა სააკაშვილის მოსაზრებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა და შესთავაზა, ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს.

ინიციატივის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებებზე საუბრისას კი სააკაშვილმა აღნიშნა: „ახლა ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, ვერ დამეტოლებით“.

„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისთვის ერთიან საარჩევნო სიაზე მუშაობა მიუღებელია. ბურჯანაძის შეფასებით, ერთიანი საარჩევნო სია ორპოლუსიანობას გაამძაფრებს.