გიგა ბოკერია - ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ სთავაზობს დასაჭერების სიების შედგენას და ვინ დამოუკიდებელი სასამართლოს შენებას
გიგა ბოკერია - ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ სთავაზობს დასაჭერების სიების შედგენას და ვინ დამოუკიდებელი სასამართლოს შენებას

ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ რა ნაბიჯებს სთავაზობს, ვინ სთავაზობს დასაჭერების სიების შედგენას და ვინ დამოუკიდებელი სასამართლოს შენებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა.

ბოკერიას თქმით, დასაჭერების სიების წინასწარ შედგენა არის გზა არსაით, ჩიხი.

„ტერმინი – პოლიტიკური ამნისტია არ გამომიყენებია, მაგრამ პრინციპული საკითხია თავისუფალი სასამართლოს შექმნა. ამის გარეშე არც ერთი პრობლემა არ მოგვარდება. მით უმეტეს, თუ ვინმე პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის და სასამართლო თავისუფალი არ არის, მაშინ უსამართლობის იგივე საფუძვლიან განცდას მიიღებს. ანუ, ჩვენი პრიორიტეტია ჯერ სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რაც რთული პროცესია და არა დასაჭერი ხალხის სიების შედგენა, ამას როგორც სხვა დაუძინებელი მეგობარი აკეთებს. რატომ ღელავენ, თუ არაფერი არ წარმოუდგენიათ? ამომრჩეველმა ხომ უნდა იცოდეს, ვინ რას აპირებს? იმ პრობლემას ვსვამთ, რაც დგას.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დანაშაულში უამრავი ადამიანი გასვარა და ჩვენი მემკვიდრეობა კანონის უზენაესობაც არ იყო. ეს ხალხი იძახის, პასუხი უნდა ვაგებინოთო და გვარებს წინასწარ ასახელებენ. დასაჭერების სიების წინასწარ შედგენა არის გზა არსაით, ჩიხი. ჩავარდნა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის თვალსაზრისით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს.

ერთდროულად ვერ ხდება, თავისუფალი სასამართლოს აშენება და თან მასობრივი დევნა, მით უმეტეს, პოლიტიკური ოპონენტების“, – აღნიშნა ბოკერიამ.

დეპუტატი ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ ამოცანა და სია აქვს იმის, ქვეყანა წინ როგორ წავიდეს.

„ამას დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება. სასამართლოები მთავრობების შეცვლისას არ უნდა იცვლებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. ეს ყველას ესმის, მაგრამ ჩვენც რევოლუციის შემდეგ, ნაწილობრივ ასე მოვიქეცით, მაგრამ „ქართული ოცნებასავით“ არა, ჩვენი პრიორიტეტი პოლიტიკური ოპონენტი კი არ იყო, არამედ კორუფცია. „ქართული ოცნების“ ინტერესი პოლიტიკური ოპონენტების დევნა იყო და ვინც მათ მხარეს გადავიდა, დამჭერებად გადააქციეს.

ეს აღარ უნდა განმეორდეს და ამას „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ გააკეთებენ. ადამიანები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომელ პოლიტიკურ ძალას, რა ხედვა აქვს. ჩემი დაუძინებელი მეგობრები, მიშა სააკაშვილის გუნდი იძახის, დღეს ერთს იძახის, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს, მაზეგ ისევ პირველს, ამ საკითხში ცდილობენ, მოქალაქეების საფუძვლიანი ბრაზი გამოიყენონ, მათ შეუძლებელს ჰპირდებიან და არც კი იაზრებენ, რას იზამენ, თორემ, ამ საკითხზე 2016 წელს ჩემი და ნიკა მელიას პრესკონფერენცია გაიმართა. ამას იმიტომ კი არ ვამბობდით, რომ ვინმე მოგვწონდა, ქვეყანას სჭირდება, განცდა არ იყოს, რომ მთავრობის შეცვლა მასობრივ დაპატიმრებებს იწვევს.

ჩვენს შორის განსხვავება ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, ეს ძალიან კარგი იქნება. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ეს ეროვნული ამოცანაა, ამის შემდეგ ჩიხიდან გამოსასვლელად ნაბიჯები სწრაფად უნდა გადავდგათ“, – განაცხადა ბოკერიამ.